გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი გიორგი ჩალაძე თვლის, რომ ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხარჯეფექტურობაა.
მისი შეფასებით, ჯანდაცვაზე დანახარჯების ზრდას, ვერცერთი განვითარებული ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გაუძლებს, არათუ საქართველო, რადგან დახარჯულ მილიონებს არანაირი ეფექტი არ მოაქვს.
"დღეს, რაც ხდება საქართველოში, გარდა იმისა, რომ არსებობს რთული პრობლემა აუთვისებელი თანხების არასწორი მენეჯმენტის გამო, არასწორად განაწილებულ პროცესებზე, ასევე არსებობს ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც ამას არ მოაქვს.
საქართველოში ჯანდაცვის სფეროში დახარჯული თანხის დიდი ნაწილი გადის საზღვარგარეთ. ბევრი მიზეზია, რატომ გადის – განათლება, როგორც პაციენტების, ისე ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ტესტებზე.
ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამაში ბიზნესს. ბიზნესი არ უნდა იყოს საფოსტო ყუთი. საფოსტო ყუთთან პრობლემა არავის აქვს, მაგრამ ადგილობრივ ექიმებს ხელი უნდა შეუწყოს მაღალტექნოლოგიურმა კლინიკებმა, რომ შეძლონ პროფესიონალმა ადამიანებმა, შეასრულონ მათზე დაკისრებული საქმიანობა. დღეს ამ ადამიანებს ძალიან უჭირთ, ცუდ მდგომარეობაში არის ექიმი. მას სთხოვენ გააკეთოს 2 კაპიკად ერთი მილიონი საქმე და ეს ასე არ გამოვა.
გამოსავალი არის მაღალი ტექნოლოგიების შემოტანა, განათლების დონის მაღლა აწევა და დღეს საქართველოში არარსებული მაღალტექნოლოგიური კვლევების დანერგვა, ოღონდ არა იმ ფასებით, რაც დღეს არის, არამედ ადამიანებისთვის ხელმისაწვდომ ფასად.
ჯანმრთელობა არ არის ფუფუნება. თქვენ არ უნდა გაყიდოთ სახლ-კარი, რომ მიიღოთ სწორი დიაგნოზი. სწორი და დროულად დასმული დიაგნოზი მკურნალობის ხარჯებს წევს დაბლა. პრევენციული მეთოდიკებია შემოსაღები, რომელიც დღესდღეობით არ მუშაობს, იმიტომ რომ მეთოდები, რომლითაც ხდება დიაგნოსტირება, არის დაბალტექნოლოგიური, არაფრის მომცემი.
განვითარებას წინ ვერავინ დაუდგება და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ექიმებს, განვითარებული ინსტრუმენტები გამოიყენონ. ეს დაზოგავს ბიუჯეტს, მოგვცემს ეკონომიკურ ფაქტორს და კმაყოფილების ძალიან დიდ ნაკადს გამოიწვევს ხალხში", -განაცხადა გიორგი ჩალაძემ BM.GE-თან ინტერვიუში.

























