მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრადიციული ღირებულებები და საფრთხე „უცხო გავლენებისგან“ – პაპუაშვილის გზავნილები 26 მაისს

პაპუაშვილი

"ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავი მიულოცა საზოგადოებას და ქვეყნის წინაშე მყოფ გამოწვევებსა და ეროვნულ ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება.

„თავისუფლების თითოეული წელიწადი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ყოველი წელი ჩვენს სახელმწიფოს ავითარებს, აძლიერებს და განამტკიცებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის მთავარი ღირებულებებია „სამი ღვთაებრივი საუნჯე“, რაც პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მოიცავს „მამულს, ენას და სარწმუნოებას“.

„ჩვენი ეროვნული თვითშეგნების გამყარებასთან ერთად ძლიერდება ჩვენი ჯარი, მტკიცდება ჩვენი საზღვრები, ძალას იკრებს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ხალხის რწმენა, რომ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სუვერენიტეტს აღარასოდეს დავკარგავთ“, – განაცხადა მან.

პაპუაშვილის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში ღირებულებითი რყევების ფონზე მნიშვნელოვანია ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებზეც ქართული სახელმწიფო იდგა საუკუნეების განმავლობაში.

„დღეს მსოფლიოში მღელვარე, ბუნდოვანი და არეული დროა. ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერ-მოყვარე... ამ დროს ჩვენი ორიენტირი არის სახელმწიფოებრივი მეხსიერება და ის სამი საუნჯე, რომელიც დღემდე მოგვიტანეს წინაპრებმა“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, სწორედ, სამი სიმბოლოს, სამი იდეის დასაცავად ვდებთ ფიცს და ვზეიმობთ დამოუკიდებლობას.

,,ცრუ ფიცის, ცრუ განზრახვების, ცრუ სწავლებების ყველა შემომტანი თესავს შუღლს, განხეთქილებას, ზიზღსა და ბოროტებას. ამ ქვეყნის ბედს, მის მომავალს მათ ვერ დავუთმობთ.

სწორედ ამიტომ, ჩვენი სამი სიმბოლოს, სამი იდეის დასაცავად ვდებთ ფიცს და ვზეიმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას; რათა ყველამ ერთად, ერმა და ბერმა, ქალაქად თუ სოფლად, სამშობლოში თუ უცხოეთში მყოფმა, ჩვენს საერთო სახლში, ჩვენს უძველეს ენაზე, მტკიცე რწმენით, სახალხოდ დავამოწმოთ ჩვენი ერთგულება ქვეყნის წინაშე და ფიცი დავდოთ მის დასაცავად.

ჩვენ ვართ ვახტანგის, დავითის, შოთას და თამარის ქვეყანა; ქრისტეს კვართის, ღვთისმშობლის პერანგის, უფლის სამსჭვალის მცველი ქვეყანა. თუ ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი რწმენის ერთგულნი ვიქნებით, ბოროტი ძალა ვერასოდეს მოგვერევა.

ძალა ერთობაშია! განურჩევლად ჩვენი აღმსარებლობისა, ეთნიკურობისა და ადგილსამყოფლისა, ჩვენ ვართ ერთი ენერგიით გაერთიანებული, ერთიანი ქართველი ხალხი.

გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები