აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია CNN-ს, MS NOW-სა და გამოცემა Politico-ს "თეთრ სახლში შესვლას უკრძალავს". მისი თქმით, გადაწყვეტილება "ძალაში დაუყოვნებლივ შედის", თუმცა არანაირი ნიშანი არ ყოფილა იმისა, რომ ადმინისტრაციამ ამ განცხადების აღსასრულებლად რეალური ნაბიჯები გადადგა.
ინფორმირებული წყაროს ცნობით, განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა თავად თეთრი სახლის პერსონალისთვისაც, მათ შორის პრესსამსახურის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რა გავლენას მოახდენდა ეს გადაწყვეტილება ყოველდღიურ საქმიანობაზე.
CNN-ის რეპორტიორები პარასკევს საღამომდე ჩვეულებრივ განაგრძობდნენ მუშაობას თეთრ სახლში არსებულ სამუშაო სივრცეში. გარდა ამისა, ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ერთად მივლინებაში იმყოფებოდა.
ქვეყნის წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას (სიტყვისა და პრესის თავისუფლებას) იცავენ, აცხადებენ, რომ ტრამპის მხრიდან მსგავსი აკრძალვის ამოქმედება არაკონსტიტუციური იქნება და სასამართლო მას გააუქმებს. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს თავად სამიზნე მედიასაშუალებებმაც.
ტრამპმა სოციალურ ქსელ "Truth Social"-ში დაწერა, რომ აკრძალვა არის "მათ მიერ მუდმივი
"ფეიკ ნიუსების" გავრცელების შედეგი".
"მედიასაშუალებებს არ უნდა შეეძლოთ მუდმივად სიცრუისა და გამონაგონის გავრცელება, როდესაც ისინი აშშ-ის პრეზიდენტს, ტრამპის ადმინისტრაციას ან ამერიკის შეერთებულ შტატებს აშუქებენ", - დასძინა მან.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ოვალურ კაბინეტში გამართულ ღონისძიებაზე, ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რით ამართლებს სამი მედიაორგანიზაციის დაბლოკვას, ტრამპმა უპასუხა: "იმიტომ, რომ ისინი ყალბი ამბების გამავრცელებლები არიან".
"რაღაც რიგზე არ არის ქვეყანაში, რომელიც ადამიანებს განზრახ ნეგატიური ამბების წერის უფლებას აძლევს. თუ მათ ამის დაწერა სურთ, ძალიან კარგი, მაგრამ მე არ ვარ ვალდებული, ისინი ხალხის სახლში [თეთრ სახლში] შემოვუშვა", - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპი სხვა მედიასაშუალებების აკრძალვითაც დაიმუქრა: "შესაძლოა მათ სხვებიც შეუერთდნენ", - თქვა მან და მოიხსენია The New York Times და The Washington Post, რომლებსაც "უსარგებლო" უწოდა.
პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგა ამ მედიასაშუალებების წინააღმდეგ, და არც რაიმე კონკრეტული სტატია ან სიუჟეტი დაუსახელებია. კითხვაზე, თუ რატომ გამოაცხადა ეს გადაწყვეტილება პარასკევს, მან უპასუხა: "მიზეზის გარეშე".
კითხვაზე, თუ როგორ გამოიყურება ეს აკრძალვა პრაქტიკაში, ტრამპმა განაცხადა: "ეს ძალიან მარტივი აკრძალვაა. არ მინდა ისინი ჩემს ოფისში. არ მინდა ისინი აქ იყვნენ". მან ასევე დასძინა, რომ აკრძალვა შესაძლოა გაუქმდეს, თუ აღნიშნული მედიასაშუალებები "გამოსწორდებიან" და უფრო პოზიტიურ მასალებს გამოაქვეყნებენ.
























