ქვეყანაში უმუშევრობა 3.7%-ზეა, რაც 49 წლის მინიმუმია, ეკონომიკური ზრდაც მესამე კვარტალში 3.5% იყო, სწორედ ამ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გამო ცენტრალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი აწია 2.25%-მდე იმისთვის, რომ ინფლაცია გაეკონტროლებინა. დონალდ ტრამპი მოუწოდებს ცენტრალურ ბანკს, რომ მისი ძირითადი აქცენტი ეკონომიკურ ზრდაზე გაკეთდეს. „ისინი შეცდომებს უშვებენ იმის გამო, რომ მე გადაწყვეტილების მიღება შემიძლია. ეს ხშირად გაცილებით მეტს მეუბნება, ვიდრე რომელიმე ჭკვიან გონებას შეუძლია მითხრას“ - აცხადებს ტრამპი. ცხადია მის საჯარო უკმაყოფილებას უკვე მოჰყვა შეფასებები ეკონომისტების მხრიდან.
მიუხედავად უმუშევრობის შემცირებისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა, ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის 800 მილიარდ დოლარს აღწევს. გარდა ამისა, რთული ეკონომიკური ურთიერთობა ჩინეთთან გარკვეულ რყევებს იწვევს საფონდო ბირჟაზე და კომპანიები მილიარდობით დოლარს კარგავენ. მხოლოდ Apple-მა და Amazon-მა ბოლო პერიოდში, ჯამში 400 მილიარდამდე იზარალეს. შესაბამისად, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტისა და ცენტრალური ბანკის ურთიერთობაზე.