პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანმა "ტრამპის სრუტე" უნდა გახსნას და კვლავ დაიჩივლა იმის გამო, რომ ნობელის მშვიდობის პრემია ვერ მიიღო.
პარასკევს საღამოს მაიამიში, Future Investment Initiative Institute-ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანი აშშ-სთან "შეთანხმების გაფორმებას ეხვეწება", რის შემდეგაც ჰორმუზის სრუტე როგორც "ტრამპის სრუტე" ისე მოიხსენია.
"ჩვენ ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ძალიან კარგი იქნება, თუ რამეს მივაღწევთ, მაგრამ მათ უნდა გახსნან ტრამპის სრუტე - ვგულისხმობ ჰორმუზს. მაპატიეთ, ძალიან ვწუხვარ, რა საშინელი შეცდომაა", - თქვა ტრამპმა.
"ყალბი მედია დაწერს, რომ შემთხვევით წამომცდა. თუმცა ჩემთან დაკავშირებით შემთხვევითობა არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ხშირად არა", - დასძინა მან.
პრეზიდენტის ეს განცხადებები მოჰყვა მის მიერ წინა დღეს გაჟღერებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები 10 დღით შეჩერდა.
თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ასევე გამოიყენა შესაძლებლობა და კვლავ უკმაყოფილება გამოთქვა გასულ წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ვერმიღების გამო.
"თუ მე არ მომცემენ ნობელის მშვიდობის პრემიას, მას ვერასდროს ვერავინ მიიღებს. მე არ მიმიღია. არ მიკვირს. ის, ვინც მიიღო, შოკში იყო. სხვათა შორის, ისიც შესანიშნავი ქალია", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 2025 წელს პრემია ვენესუელელმა ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ მოიპოვა. მოგვიანებით მან ჯილდო აშშ-ის პრეზიდენტს გადასცა, რასაც ტრამპმა მაშინ "ურთიერთპატივისცემის საოცარი ჟესტი" უწოდა.




























