დონალდ ტრამპ უმცროსი, ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის ვაჟი, Instagram-ზე მამამისის ხელმოწერით წერილს აქვეყნებს, რომელშიც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი McDonald's-ის HR დეპარტამენტს სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართავს.
"გთხოვთ მიიღოთ ეს წერილი, როგორც ოფიციალური გაფრთხილება McDonald's-ში ჩემი პოზიციის დატოვების შესახებ, რომელიც ძალაში შევა ორშაბათიდან, 2025 წლის 20 იანვრიდან", - ნათქვამია ტრამპ უმცროსის მიერ გავრცელებულ სატირულ წერილში, რომელშიც სამსახურიდან წამოსვლის თარიღად დონალდ ტრამპის ინაუგურაციის თარიღია მონიშნული.
წერილში ტრამპი "აცხადებს", რომ იგი კმაყოფილია, რადგან ჰქონდა შესაძლებლობა, მომსახურებოდა მომხმარებელს, ამოეტრიალებინა გრილზე ბურგერები და გაეკეთებინა კარტოფილი ფრი და McDonald's-ს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ბრენდს უწოდებს: "მზად ვარ, დარჩენილი დროის განმავლობაში, უზრუნველვყო ჩემი უპრობლემო წასვლა. გთხოვთ მაცნობოთ, თუ შემიძლია ჩემი შემცვლელის პოვნასა და გაწვრთნაში დახმარება".
წერილის დასასრულს აღნიშნულია, რომ ტრამპი მოუთმენლად ელის თავის მორიგ თავგადასავალს, თუმცა McDonald's-ში მუშაობის პერიოდი მისთვის სასიამოვნო მოგონებად დარჩება.
View this post on Instagram
საქმე ისაა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ტრამპის დემოკრატმა კონკურენტმა, კამალა ჰარისმა ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ახალგაზრდობაში თავად მუშაობდა McDonald's-ში, მიუხედავად იმისა, რომ ამის დამადასტურებელი საბუთი ან ფოტომასალა ჟურნალისტებმა ვერ მოიძიეს.
საპასუხოდ დონალდ ტრამპი 2024 წლის 20 ოქტომბერს პენსილვანიის შტატში, McDonald's-ის ერთ-ერთ ობიექტზე გამოჩნდა, სადაც მან რესტორნის წინსაფარი მოირგო და მომხმარებლების შეკვეთების გაცემა დაიწყო.
ტრამპის McDonald's-ში დასაქმების შესახებ თანხმობა ბრენდის სათავო ოფისს არ გაუცია, თუმცა, ვინაიდან სწრაფი კვების ეს ქსელი ფრენჩაიზ მოდელზე მუშაობს, კონკრეტულ ფილიალებში კერძო მფლობელებს უფლება აქვთ, მოიწვიონ პოლიტიკოსები ბრენდის თანხმობის გარეშე.
გავრცელებულ წერილში, რომელიც McDonald's-ის პრეზიდენტმა, ჯო ერლინგერმა თანამშრომლებს გაუგზავნა, ნათქვამია, რომ კომპანია არც ერთ კანდიდატს მხარს არ უჭერს: "ჩვენ არ ვართ წითელი ან ლურჯი - ჩვენ ვართ ოქროსფერი".