მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი, ობამა და ამერიკის გაჩერებული მთავრობა

ამერიკა

ამერიკის ხელისუფლებამ ე.წ. შათდაუნი გამოაცხადა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მთავრობამ საქმიანობა შეაჩერა. შესაბამისად, მუშაობა შეწყვიტა თითქმის ყველა დეპარტამენტმა, რომლის ფუნქციონირებაც უსაფრთხოებისა და კრიტიკული საჭიროებებისთვის ხელის შემშლელი არ იყო. იმის მიუხედავად, რომ ე.წ. შათდაუნი ამერიკისთვის უცხო არ არის და ის ბოლო 40-50 წელიწადში არაერთხელ გვინახავს, ეს უკანასკნელი შტატების თანამედროვე ისტორიაში მაინც უიშვიათეს გამონაკლისად იქცა.

მიზეზი არის ის, რომ აქამდე სხვა არცერთი მმართველი პარტია, რომელიც ერთდროულად აკონტროლებდა სენატსაც, წარმომადგენელთა პალატასაც და თეთრ სახლსაც, მსგავს ვითარებაში არ აღმოჩენილა. ანუ, ყველა ბერკეტი რესპუბლიკელების ხელში იყო, მაგრამ მთავრობის გაჩერების თავიდან არიდება მაინც ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, როგორ მოახერხა აბსოლუტური ძალაუფლების მქონე პარტიამ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დროულად ვერ დაემტკიცებინა. ამაზე პასუხი, ცხადია, მარტივი არ არის, თუმცა ის თავიდან ბოლომდე ეხება ჯანდაცვას, კონკრეტულად კი ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას შემოღებულ საბიუჯეტო სუბსიდიის პაკეტს, რომლითაც 20 მილიონზე მეტი ამერიკელი ყოველწლიურად სარგებლობს.

სწორედ მრავალი წლის წინ, დემოკრატი პრეზიდენტის მიერ შემოღებული სისტემა გახდა წელს რესპუბლიკელ კანონმდებლებს შორის დაპირისპირების მთავარი საგანი. უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ, მეტად კონსერვატიული ფრთის წარმომადგენლებს, რენდ პოლსა და ტომას მეისს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები სწორედ ObamaCare-ისა და სხვა სამედიცინო დახმარების პროგრამების ხარჯზე უნდა შემცირდეს, რადგან, მათი აზრით, ობამას პროგრამა არაეფექტური და ხარჯიანია. საპირისპირო პოზიციას აფიქსირებენ მეტ-ნაკლებად ცენტრისტი რესპუბლიკელი კანონმდებლები, ლიზა მურკოვსკი და დონ ბეიკონი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არსებულ სისტემაზე უკეთესი მოდელი ჯერჯერობით, არ არსებობს. შესაბამისად, უმჯობესია მისი შენარჩუნება, ვიდრე ბიუჯეტის პროექტის საფრთხის ქვეშ დაყენება და მთავრობის საქმიანობის შეფერხება.

ალბათ, ეს აზრთა სხვადასხვაობა შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებისთვის განსაზღვრული დროის გასვლა და ფისკალური წლის დასრულება, რა დროისთვისაც ახალი ბიუჯეტი უკვე უნდა იყოს დამტკიცებული. იმის მიუხედავად, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის არნახული ერთიანობით ტრაბახობდა, მან კანონმდებლების ნაწილის გადარწმუნება ვერ, ან შეიძლება ითქვას, არ შეძლო. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, პოლიტიკური კრიზისი სულაც არ ყოფილა შემთხვევითი და პრეზიდენტს იმ ნაკლებად წარმატებული დიპლომატიური მცდელობის გადაფარვა სურს, რაც რუსეთ-უკრაინისა და ჰამას-ისრაელის ომებთანაა დაკავშირებული.

დავუბრუნდეთ მთავარს, ანუ იმ ფაქტს, რომ მთავრობა ახლა გაჩერებულია და განვმარტოთ, კონკრეტულად რამ გამოიწვია ე.წ. შათდაუნი. მას შემდეგ, რაც ფისკალური წლის დასასრული მოახლოვდა და რესპუბლიკელები მიხვდნენ, რომ ბიუჯეტის კანონ-პროექტს დროულად ვერ დაამტკიცებდნენ, კანონმდებლების პრიორიტეტი “განგრძობითი ბიუჯეტის” დამტკიცება გახდა. საუბარია ისეთ დროებით დაფინანსებაზე, რომელიც სახელმწიფო უწყებების საჭიროებებს დააკმაყოფილებს და ქვეყანას “შათდაუნისგან” იხსნის. მოკლედ, განხილვები 21 ნოემბრამდე გაგრძელდებოდა, პარალელურად კი ადმინისტრაციული ორგანოები მუშაობას გააგრძელებდნენ. ეს სცენარი რესპუბლიკელი კანონმდებლების უდიდესი ნაწილისთვის მისაღები იყო და წარმატებითაც დამტკიცდებოდა, რომ არა დემოკრატი სენატორების მიერ ე.წ. ფილიბასტერ მოთხოვნის გაჟღერება, რაც მაშინ გამოიყენება, როცა უმცირესობას უმრავლესობაზე ზეგავლენის მოხდენა სურს და ამის ტექნიკური შესაძლებლობა აქვს.

მეტი სიცხადისთვის, რომ არა რესპუბლიკელების შიდა დაპირისპირება, ბიუჯეტი პირველივე მცდელობაზე გავიდოდა და დემოკრატებს პროცესის შეფერხების უფლება არ ექნებოდათ, თუმცა ეს შანსი მმართველი პარტიის კანონმდებლებმა ხელიდან გაუშვეს. “განგრძობადი ბიუჯეტის” საკითხი კი არის ის იშვიათი გამონაკლისი შემთხვევა, როცა უმცირესობას უმრავლესობაზე ზეგავლენის შესაძლებლობა ეძლევა. ალბათ, იკითხავთ, რას გულისხმობს ეს შესაძლებლობა. ე.წ. ფილიბასტერ მექანიზმის მიზანია, წარდგენილი კანონ-პროექტის დამტკიცებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ისე გაზარდოს, რომ კონკურენტ პარტიას მეტოქის ინტერესების გათვალისწინების გარდა სხვა გზა არ დარჩეს.

სწორედ ეს უპირატესობა დაიჭირა და გამოიყენა დემოკრატიულმა პარტიამ. ამჟამად სენატში 53 რესპუბლიკელია, ხოლო “ლურჯებს” 45 კანონმდებელი ჰყავთ. თუ სტანდარტულ შემთხვევაში კანონ-პროექტის გასატანად 51 ხმაც საკმარისი იქნებოდა, ე.წ. ფილიბასტერის პირობებში, აუცილებელია 60 მხარდაჭერის მოპოვება. რაც რესპუბლიკელებს აიძულებს, დემოკრატების ინტერესი გაითვალისწინოს. აი, რაც შეეხება თავად “ლურჯების” მოთხოვნას, მათი პირდაპირ მოთხოვნა სწორედ Obamacare-ისა და სხვა სადაზღვევო სუბსიდიების მომავალი წლის ბიუჯეტში შენარჩუნებაა. შესაბამისად, თუ ის არ დაკმაყოფილდება, ე.წ. შათდაუნი შეუზღუდავი დროით გაგრძელდება.

ამჟამად, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც მიმდინარე პროცესით დაინტერესებულ ადამიანებს უჩნდებათ არის ის, თუ რა ელის ამერიკას ასეთ ვითარებაში და რა შესაძლო სცენარები განიხილება. ამჟამად, ძირითადად საუბარია მოვლენათა განვითარების 4 სხვადასხვა ვერსიაზე. მათგან პირველის თანახმად, უკან დახევას არა რესპუბლიკელები, არამედ თავად დემოკრატები, უფრო კონკრეტულად, არახელსაყრელ ვითარებაში მყოფი კანონმდებლები დაიწყებენ. მაგალითისთვის, ნევადის წარმომადგენელი კეტრინ კორტეზ მასტო, რომელიც მომავალ წელს შუალედურ არჩევნებში ხელახლა იყრის კენჭს. და რადგან მთავრობის გაჩერების მორალური პასუხისმგებლობა მთლიანად დემოკრატებზეა, საზოგადოების განწყობაც მასტოს რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებს და მოგების შანსებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს. შესაბამისად, ნევადას წარმომადგენელმა სხვა რამდენიმე წევრთან ერთად შეიძლება გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ და ე.წ. ფილიბასტერი დაძლიონ.

მეორე სცენარის თანახმად, მთლიანად, დემოკრატიული პარტია დაიხევს უკან. ამ შემთხვევაში, შეიძლება ჩათვალოთ, რომ ისინი პოზიციებს დათმობენ, თუმცა თუ რესპუბლიკურმა პარტიამ თავისი გაიტანა და ObamaCare-ი შეაჩერა, ეს 20 მილიონზე მეტ ამერიკელს რესპუბლიკელებისადმი უარყოფითად განაწყობს. ეს კი, 2026 წლისთვის შუალედური არჩევნებისთვის “ლურჯებს” დიდ უპირატესობას მიანიჭებს.

მესამე სცენარის თანახმად, უკან არა დემოკრატები, არამედ რესპუბლიკელები დაიხევენ და არსებული ჯანდაცვის პროგრამების შენარჩუნების სანაცვლოდ დემოკრატებთან ერთად ე.წ. ფილიბასტერის დაძლევას დაუჭერენ მხარს. ამ შემთხვევაში, მოგებული ორივე მხარე იქნება. დემოკრატები შეინარჩუნებენ ბოლო 20-წლეულში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მონაპოვარს, რესპუბლიკური პარტია კი ამომრჩევლის განაწყენებას გადაურჩება და მთავრობასაც ძველებურად აამოქმედებს.

ხოლო, მეოთხე, ყველაზე ცუდი სცენარის თანახმად, მთავრობა კიდევ დიდ ხანს იქნება გაჩერებული. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით 2018-2019 წლების მაგალითი ყველაზე თვალსაჩინოა. 35 დღით სახელმწიფო დეპარტამენტების შეჩერებამ ქვეყანას არამარტო მილიარდობით დოლარი დააკარგვინა, არამედ პარტიების რეპუტაციაც მნიშვნელოვნად შეარყია. სავარაუდოდ, პროცესი ამჯერადაც იქამდე გაგრძელდება, სანამ რომელიმე დიდი მასშტაბის პოლიტიკურ ზიანს არ მიიღებს და არ ჩათვლის, რომ უკან დახევის გარეშე შუალედური არჩევნები ყველაზე მეტად მას დაარტყამს და პოზიციებს მკვეთრად შეუსუსტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები