აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ემუქრება.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა გვიან ღამით, „ტვიტერზე“ დაწერა, „თუ ირანს ბრძოლა უნდა, ეს მისი ოფიციალური დასასრული იქნება“.
ე.წ. „ეკონომიკური ომი“ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ორი კვირის წინ, მას შემდეგ გამწვავდა, რაც დონალდ ტრამპის განკარგულებით, ირანზე მწვავე ეკონომიკური ემბარგო ამოქმედდა.
ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო დაწესებული სანქციები ირანს მისი ძირითადი საექსპორტო საქონლით - ნავთობითა და მეტალურგიული პროდუქტებით საგარეო ვაჭრობას უკრძალავს.
ემბარგომ ირანის ეროვნული ვალუტის, რიანის კურსის დაცემაც გამოიწვია. მხოლოდ 2019 წლის განმავლობაში, ის 60%-ით გაუფასურდა.
ირანში ყველა სახის პროდუქციაზე, ტექსტილსა თუ ტექნიკაზე ფასები გაორმაგდა. ტურიზმი კი, რომელიც ასევე ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო ეკონომიკური თვალსაზრისით, ფაქტობრივად, ჩავარდნილია;
ამერიკული სანქციების გამო ბევრმა ევროპულმა ავიაკომპანიამ ირანში ფრენები გააუქმა, მათ შორის Air France-მა და British Airways-მა.
საავადმყოფოებსა და კლინიკებში ცალკეული მედიკამენტების ნაკლებობა შეინიშნება. ევროპიდან წამლების იმპორტი შემცირდა, მათ ჩინური და ინდური პროდუქციით ანაცვლებენ.
ქვეყანაში რეცესიაა - 2018 წელს ირანის ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა. ექსპერტები მიმდინარე წელს ირანის ეკონომიკის 5%-ით ვარდნას პროგნოზირებენ.

























