ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის მიერ შექმნილი ტელეფონის, T1-ის განახლებული, საბოლოო დიზაინი Trump Mobile-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ეს რიგით მე-3 ცვლილებაა. საუბარია ოქროსფერი კორპუსის მქონე ტელეფონზე, რომლის უკანა პანელზე ამერიკის შეერთებული შტატების დროშა და წარწერა “Trump Mobile”-ია.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ახალი მოდელი 6.78-დიუმიანი AMOLED ეკრანითა და 5000-მილიამპერიანი ელემენტითაა აღჭურვილი. მისი დატენვა 30-ვატიანი ე.წ. Fast Charger-ით (სწრაფი დამტენით) იქნება შესაძლებელი. მოწყობილობას 50-მეგაპიქსელიანი მთავარი და 8-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი კამერები ექნება. სმარტფონის შიდა მეხსიერება საბაზისო მოდელზე 512 გიგაბაიტი იქნება. ის აღჭურვილი იქნება თითის ანაბეჭდის სენსორითა და სახის ამომცნობი სისტემით.
The Verge-ის ცნობით, $499 დოლარად შეფასებული სმარტფონი Android 15-ის ოპერაციულ სისტემაზე იმუშავებს და მასში Snapdragon 7-ის პროცესორი ჩაშენდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტრამპის ოჯახის კომპანიამ სმარტფონის ამერიკაში წარმოების გეგმა გააუქმა და განაცხადა, რომ მოწყობილობა ამერიკული ღირებულებებით იქნება შექმნილი. ცნობისთვის, მისი დაჯავშნა ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია და დარეზერვების ღირებულება $100 დოლარს აღწევს. რაც შეეხება მისი გამოსვლის თარიღს, ტრამპის ტელეფონი ხელმისაწვდომი წლის ბოლოსთვის გახდება.
აღსანიშნავია, რომ Trump Mobile-ის პროექტს პრეზიდენტის შვილები, ერიკ ტრამპი და დონალდ ტრამპ უმცროსი ხელმძღვანელობენ.
შეგახსენებთ, T1 სმარტფონის გამოშვება თავდაპირველად გასული წლის აგვისტოში იგეგმებოდა. თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში არასაკმარისი ქარხნული რესურსისა და ფასის არაკონკურენტულობის გამო, მისი მასობრივად წარმოება შეუძლებელი აღმოჩნდა.




























