მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ამერიკის საფონდო ბირჟაზე ჩინური კომპანიების აქციები უფასურდება

ვაჭრობა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ამერიკის საფონდო ბირჟაზე დალისტული უმსხვილესი ჩინური კომპანიების აქციებზე ფასები შემცირდა - ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩინურ იმპორტზე ახალი ტარიფების დაწესებას აანონსებდა.

ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტის, Alibaba-ს აქციებზე ფასები 4.5%-ით შემცირდა, JD.com-ის - 7.7%-ით, Bilibili-ის - 7.8%-ით, Baidu - 2.9%-ით, ხოლო Temu-ს მფლობელი PDD Holdings-ის აქციებზე - 5.1%-ით. საარჩევნო დღის შემდეგ, ერთ ღამეში 2.2%-ით დაეცა ფასები Hand Seng Index-ის აქციებზე, Shanghai Composite Index-ის კი - 0.1%-ზე ნაკლებით.

კამპანიის ფარგლებში, დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ისეთ ტარიფებს დააწესებდა, როგორიც ამერიკას დიდი დეპრესიის შემდეგ არ უნახავს. მისი ინიციატივით, იმპორტის ტარიფები 10-20%-ით გაიზრდებოდა აშშ-ის მოსაზღვრე ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის კი - 60%-ით. ამოქმედების შემთხვევაში, იმპორტული პროდუქციის შეძენა ამერიკელ ოჯახებს წლიურად $1 700-დან $2 600-მდე გაუძვირდებათ.

ამერიკის შეერთებული შტატების იმპორტის მოცულობამ 2023 წელს $3.8 ტრილიონი შეადგინა.

დონალდ ტრამპი პირველი ვადით არჩევის შემდეგ ვაჭრობის შემზღუდველი პოლიტიკის გატარებით იყო ცნობილი. 47-ე პრეზიდენტს ამჯერადაც აქვს უფლებამოსილება, ტარიფების დასაწესებლად, აშშ-ის სახელით, ცალმხრივად იმოქმედოს. The Peterson Institute-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკას შეუძლია, სხვა ქვეყნიდან იმპორტულ პროდუქტებზე ტარიფების საპასუხო ზრდა გამოიწვიოს, რაც ამერიკულ ბიზნესებს მძიმე ტვირთად დააწვებათ.

კვლევის თანახმად, ტრამპის მიერ დაპირებულ მასობრივ დეპორტაციასთან და მიგრაციასთან ბრძოლის პარალელურად, გაზრდის ტარიფებს აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის შენელება და ინფლაციის 1%-ით ზრდა შეუძლია გამოიწვიოს.

ტრამპის ინიციატივით, იმპორტზე დაწესებული გადასახადიდან შემოსული რესურსები სამთავრობო პროგრამების დაფინანსებაში, საშემოსავლო გადასახადებს ჩაანაცვლებს. ანალიზის თანახმად, გაზრდილი ტარიფები აშშ-ის ბიუჯეტში წლიურად $200 მილიარდს შეიტანს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სახელმწიფო ვალის იმ მოცულობას - $7.75 ტრილიონს, რომლის აკუმულირება ტრამპის პრეზიდენტობისასაა მოსალოდნელი.

ამასთან, ჩინურ იმპორტზე 60%-იანი ტარიფის დაწესებას, ჩინეთის მშპ-ის 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირება შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები