მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის მსოფლიოში ეკონომიკა მორალზე მაღლა დგას - რუმინეთის პრეზიდენტი

ნიკუშორ დანი

რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა საერთაშორისო გამოცემა Politico-სთან საუბრისას 2025 წელი შეაჯამა. ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ გასული 12 თვის განმავლობაში ევროპელ ლიდერებს ამერიკის პრეზიდენტის ახლებურ ხედვებზე მორგება და მასთან შეგუება ხშირად უწევდათ.

დანის თქმით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ შტატების ახალი ადმინისტრაცია პრაგმატულ და ეკონომიკურ ინტერესებს ტრადიციულ მორალსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე მაღლა აყენებს. ამ კუთხით მან ყურადღება უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე გაამახვილა, ასევე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, ტარიფები მოწინააღმდეგე თუ მოკავშირე სახელმწიფოებს განურჩევლად დაუწესოს.

დანი პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ ახალი პრეზიდენტი და მისი გუნდი ევროპაში პოპულისტური იდეოლოგიის მქონე პარტიების გაძლიერებას მკაფიოდ უჭერენ მხარს, რითაც საფრთხეს თავად ევროკავშირის მთლიანობას უქმნიან. როგორც რუმინეთის პრეზიდენტი ამბობს, ევროპელი ლიდერებისთვის გამოწვევად იქცა, ერთი მხრივ, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შენარჩუნება, მეორე მხრივ კი, შიდა პოლიტიკაში სტაბილურობისა და ცენტრისტული ღირებულებების დაცვა. დონი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თეთრ სახლს ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე განცხადებების გაჟღერების უფლება აქვს, თუმცა არადემოკრატიული ძალებისთვის მხარდაჭერის გამოხატვა და მედიის გამოყენებით შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა მიუღებელია.

ნიკუშორ დანმა Politico-სთან ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ბაზა, ასევე ამერიკის სარაკეტო სისტემაა განთავსებული. ასევე თქვა, რომ ომში მყოფი მოკავშირისთვის იარაღისა და ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი მთავარი ჰაბი სწორედ რუმინეთშია განთავსებული. დონმა დადებითად შეაფასა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 104 მილიარდი დოლარის გადაცემაზე მიღწეული შეთანხმებაც და თქვა, რომ ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რამდენად ერთგულია ევროპული გაერთიანება იმ იდეალების მიმართ, რომლებიც კონტინენტზე მრავალი წელია დამკვიდრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები