მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის სატარიფო პოლიტიკის ეფექტი ქართულ ბიზნესზე

გასულ კვირას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საპასუხო ტარიფები დაუწესა. ახალი გადასახადი, თითოეული სახელმწიფოსთვის, მათ მიერ აშშ-ისთვის დაწესებული სავაჭრო ბარიერის მთლიანი ხარჯისა და ტარიფების ჯამური ღირებულების გაანგარიშების საფუძველზე განისაზღვრა. ტრამპის განკარგულებით, ჩინეთისთვის იმპორტზე გადასახადის ზომა 54%-მდე, ხოლო ევროკავშირისთვის – 20%-მდე გაიზარდა.

ტრამპმა ქვეყნებისთვის დაწესებულ ინდივიდუალურ ტარიფებს „შეღავათიანი განაკვეთები“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი „არაფულად ბარიერებსა და სიცრუეში შეყვანის სხვა ფორმებსაც“ ეფუძნება. მისივე თქმით, აშშ-ის მიერ განსაზღვრული საპასუხო გადასახადი დაახლოებით ნახევარია იმ ჯამური გადასახადის, რომელიც თითოეულმა ქვეყანამ აშშ-ს დაუწესა და ის „გულისხმიერ“ ქმედებადაც შეაფასა.

საპასუხო ტარიფების გავლენით, ყველაზე მეტად ჩინეთი დაზარალდება. ჩინეთისთვის აშშ-ში იმპორტზე დაწესებული გადასახადი 20%-დან 54%-მდე გაიზარდა. ვიეტნამიდან აშშ-ში შესული საქონელი 46%-ით დაიბეგრება, იაპონიიდან – 24%-ით, ხოლო ინდოეთიდან – 26%-ს. აღსანიშნავია, რომ ტრამპის მიერ განცხადების გაკეთებისას გასაჯაროებული სქემის მიხედვით, აშშ-ის ახალი ტარიფების ნაწილი მნიშვნელოვნად აღემატება საპრეზიდენტო კამპანიისას დაანონსებულ 20%-იან გადასახადს.

აშშ-ში ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონელი, ტრამპის გადაწყვეტილებით, ახლა 20%-ით დაიბეგრება. გარდა ამისა, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც სიაში არ მოხვდნენ, საბაზისო 10%-იანი ტარიფი დაუწესდებათ. მათ შორის მოხვდა საქართველოც.

სიაში არ მოხვდნენ რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა და ბელარუსია, თეთრი სახლი თემაზე კომენტირებისას განმარტავს, რომ "აღნიშნული ოთხი ქვეყანა არ ექვემდებარება საპასუხო ტარიფების აღმასრულებელ ბრძანებას, რადგან მათ წინაშე უკვე დგას ექსტრემალურად მაღალი ტარიფები და შემოღებული და მოქმედი სანქციები მათთან უკვე ზღუდავს მნიშვნელოვან ვაჭრობას".

ცნობისთვის, ტრამპის საბაზისო ტარიფებს არ დაექვემდებარებიან კანადა და მექსიკა, თუმცა მათთვის განსაზღვრული 25%-იანი გადასახადები გასულ კვირაში ამოქმედდება.

აშშ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ სიაში მოხვედრილი სახელმწიფოების წარმომადგენლები. ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა აშშ-ს ტარიფების „დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ“ მოუწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის ქმედება „გლობალურ ეკონომიკურ განვითარებას საფრთხეში აგდებს“ და აშშ-ის ინტერესებსა და მიწოდების ჯაჭვს დააზიანებს. პეკინის განცხადებით, „სავაჭრო ომს გამარჯვებული არ ჰყავს“.

ტრამპის საპასუხო ტარიფებს „მსოფლიო ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმა“ უქოდა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ბიზნესსექტორთან შეხვედრას გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ხოლო იტალიის პრემიერ ჯორჯა მელონის შეფასებით, ტრამპის ნაბიჯი „არასწორია“, თუმცა სავაჭრო ომის თავიდან ასარიდებლად ის მოლაპარაკებების გაგრძელებას განიხილავს.

გადაწყვეტილება სამწუხაროდ შეფასდა იაპონიის მხრიდანაც, ისრაელის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი 17%-იანი ტარიფები „მოულოდნელი“ აღმოჩნდა ოფიციალური თელ-ავივისთვის. ჯამურად ტრამპმა ახალი ტარიფები 180-ზე მეტ ქვეყანას დაუწესა.

ტრამპის განცხადებას მყისიერი ცვლილებები მოჰყვა საფონდო ბირჟებზეც. მსოფლიოს უდიდესი ბანკის, JPMorgan-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, შანსი იმისა, რომ წელს გლობალური რეცესია დაიწყება 60%-მდე გაიზარდა.

ბანკის შეფასებით, გასულ თვეს პროგნოზირებული რისკის დონე 40% იყო, მკვეთრი ნახტომის მიზეზი კი ცხადია სავაჭრო ომის გაჩაღებას უკავშირდება.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის [WTO] ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა 2025 წელს შესაძლოა მსოფლიო ვაჭრობას 1%-ით შეამციროს.

მოკლევადიან პერსპექტივაში ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ახალი 10%-იანი სატარიფო პოლიტიკა საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე და ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ ტრანზიტულ ტვირთზე უარყოფით გავლენას იქონიებს - ამის შესახებ უკვე თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული, სადაც ნათქვამია, რომ ცვლილებების გავლენა საგრძნობი იქნება ავტოინდუსტრიისთვისაც, კერძოდ მოსალოდნელია, რომ ამერიკიდან იმპორტირებული ავტომობილების ფასები გაიზრდება.

ცნობისთვის, საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემების თანახმად, აშშ საქართველოსთვის მსუბუქი მანქანების მთავარი საიმპორტო ქვეყანაა. 2024 წელს საქართველოში აშშ-დან 1,9 მლრდ აშშ დოლარის 153,228 ცალი მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. 2023 წელსაც დაახლოებით იმავე ღირებულების 155,624 მანქანა შემოვიყვანეთ.

ავტომობილების იმპორტში მეორე ადგილს გერმანია, მესამეს კი - იაპონია იკავებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში იმპორტირებული მანქანების დიდი ნაწილი რეექსპორტზე გადის. ამ მხრივ კი პირველ ადგილს ბოლო პერიოდში ყირგიზეთი იკავებს.

ორგანიზაციის შეფასებით, ავტომობილებთან ერთად ტრამპის მიერ საქართველოსთვის იმპორტზე დაწესებული ახალი ტარიფები რისკს უქმნის ბოლო წლებში აშშ-ის ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის გაგრძელებასაც.

როგორ აფასებენ სექტორის წარმომადგენლები ამერიკის ახალ სატარიფო პოლიტიკას და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ცვლილებებმა ვაჭრობაზე?

სტუმრები: იაგო ბიტარიშვილი - "იაგოს ღვინის" დამფუძნებელი;

დავით ბარამიძე - Auto Market Logistic-ის დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები