აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სიძე, ჯარედ კუშნერი უკრაინაში ომის დასრულებაზე სასაუბროდ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან. Reuters-ის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, 2 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უიტკოფის შეხვედრა პუტინთან სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება, თუმცა მან თავი აარიდა მოლაპარაკებებში რუსეთის "წითელ ხაზებზე" საუბარს.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთში ვიზიტისას უიტკოფს კუშნერი შეუერთდება. რუსულმა საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსმა" დაადასტურა, რომ თვითმფრინავი Bombardier Global 7500, რომელსაც უიტკოფი იყენებს, რუსეთის მოსკოვში დაეშვა. თვითმფრინავი მაიამიდან აფრინდა.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება სურს. თუმცა მის მცდელობებს, მათ შორის აგვისტოში ალასკაზე პუტინთან გამართულ სამიტსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრებს, შედეგი ჯერ არ მოუტანია.
გასულ კვირას გავრცელდა აშშ-ის სამშვიდობო წინადადებების 28-პუნქტიანი პროექტი, რომელმაც უკრაინელი და ევროპელი მოკავშირეების შეშფოთება გამოიწვია. მათი თქმით, დოკუმენტი აკმაყოფილებდა მოსკოვის მთავარ მოთხოვნებს როგორც ნატოსთან დაკავშირებით, ასევე მოსკოვის კონტროლზე უკრაინის ტერიტორიის მეხუთედზე და უკრაინის არმიისთვის შეზღუდვების დაწესებაზე.
გასულ კვირას ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ განაცხადეს, რომ შექმნეს ომის დასრულების "განახლებული და დახვეწილი" სამშვიდობო გეგმა.
ორშაბათს გავრცელებულ ვიდეოში პუტინმა განაცხადა, რომ მიმდინარე დისკუსიები ეხება არა შეთანხმების პროექტს, არამედ წინადადებების ერთობლიობას, რომელიც, „შესაძლოა, მომავალი შეთანხმებების საფუძველი გახდეს“. პუტინმა აღნიშნა, რომ მზადაა ისაუბროს მშვიდობაზე, თუმცა, თუ უკრაინა შეთანხმებაზე უარს იტყვის, რუსეთის ძალები წინ წაიწევენ და უკრაინის უფრო მეტ ტერიტორიას დაიკავებენ.




























