მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის წარმომადგენლები პუტინთან შეხვედრის შემდეგ, დღეს კიევში ჩადიან

ტრამპის წარმომადგენლები

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები პუტინთან შეხვედრის შემდეგ, დღეს კიევში ჩადიან. სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი გუშინ სამი საათის განმავლობაში უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ხვდებოდნენ. პუტინის მრჩეველმა იური უშაკოვმა შეხვედრა დაახასიათა, როგორც "კონსტრუქციული და ძალიან გულწრფელი".

„მოლაპარაკებები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ უკრაინის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გაცვლით - საკმაოდ დეტალურად განიხილეს ეკონომიკური საკითხები და პოტენციურად მსხვილი, ურთიერთსასარგებლო რუსეთ-ამერიკის პროექტები“, - თქვა მან. უშაკოვის თქმითვე, „აღინიშნა რუსეთის არმიის ხელშესახები წინსვლა საბრძოლო მოქმედებების ზონაში“. სხვა დეტალები პუტინთან შეხვედრის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

დღეს უკვე მოლაპარაკებები უკრაინულ მხარესთან გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ეს ტრამპის წარმომადგენლების კიევში პირველი ვიზიტი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო, გაურკვეველია, თუ როგორ გაემგზავრებიან უიტკოფი და კუშნერი მოსკოვიდან კიევში.

ჯერჯერობით ასევე უცნობია, რა იქნება ომის დასრულების გეგმა, თუმცა, როგორც მოსალოდნელია ამის შესახებ მომდევნო კვირების განმავლობაში გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრების პარალელურად, პუტინი და ზელენსკი შეთანხმდნენ, რომ სამი დღით შეაჩერებენ ერთმანეთის დედაქალაქებზე საჰაერო დარტყმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები