აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 60 სავაჭრო პარტნიორს, მათ შორის, ევროკავშირს, 10%-იდან 12.5%-მდე ოდენობის ახალი საბაჟო ტარიფები დაუწესა. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში 24 ივლისს შევა და ის ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 99%-ზე მეტს შეეხება. თეთრი სახლის განმარტებით, ეს ნაბიჯი შერჩეულ ქვეყნებში სავარაუდო იძულებითი შრომის წესის დარღვევებს უკავშირდება და ის აქამდე მოქმედ 10-პროცენტიან დროებით გლობალურ ტარიფებს ჩაანაცვლებს. საყურადღებოა, რომ ახალი შეზღუდვები ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე მოქმედ სპეციალურ ტარიფებს არ დაემატება.
აღსანიშნავია, რომ თეთრმა სახლმა ბოლო პერიოდში აგრესიულ პროტექციონისტულ პოლიტიკასთან დაბრუნება აქტიურად დაიწყო. ვაშინგტონმა ოთხშაბათს ბრაზილიურ იმპორტზე 25-პროცენტიანი ტარიფი გაააქტიურა, ხოლო მომავალი თვიდან კანადურ პროდუქციაზე 50-პროცენტიანი საბაჟო გადასახადის დაწესებას გეგმავს. აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯემიოსონ გრირის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი ტარიფების გამოყენებას ეკონომიკის რეინდუსტრიალიზაციისა და სავაჭრო დეფიციტის შემცირებისთვის მომავალშიც გააგრძელებს.
შეგახსენებთ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 20 თებერვალს პრეზიდენტის გლობალური ტარიფები გააუქმა, რის შემდეგაც დონალდ ტრამპმა 150-დღიანი დროებითი შეზღუდვები დააწესა. სწორედ ამ 150-დღიან შეზღუდვას ეწურება ვადა 24 ივლისს.



























