მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა ჩინურ პროდუქციას იმპორტის გადასახადი 25%-მდე გაუძვირა

5ccfdd508e23d
მიხეილ ხაჩიძე
06.05.19 12:13
958
ამერიკის შეერთბეული შტატების პრეზიდენტმა დონალდ  ტრამპმა ჩინეთზე სავაჭრო ზეწოლის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო.  ტრამპის გადაწყვეტილებით, 10 მაისიდან ჩინურ პროდუქციაზე ტარიფები 25%-მდე გაიზრდება. აქამდე ამ პროდუქტებზე იმპორტის 10%-იანი მოსაკრებელი მოქმედებდა. 

ვაჭრობის საკითხების გარშემო ბოლო მოლაპარაკება გასულ კვირას პეკინში შედგა, თუმცა როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, სავარაუდოდ, ტრამპი ჩინეთის გარკვეული ქმედებებით უკმაყოფილო დარჩა.

"ჩინეთი 10 თვის განმავლობაში, 25%-ს იხდის 50 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე და 10%-ს სხვა, 200 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე, 10% გაიზრდება 25%-მდე“, - დაწერა სოციალურ ქსელ Twitter-ში ტრამპმა. თეთრი სახლის ლიდერი იქვე დასძენს, რომ 325 მილიარდი დოლარის ღირებულების დამატებით პროდუქცია ამ ეტაპისთვის გადასახადის გარეშე დარჩება.

"ჩინეთმა თავზე მიდებული იარაღით არ უნდა იმოქმედოს,"- ასე გამოეხმაურა სავაჭრო ურთიერთობების გარშემო ატეხილ ახალ დაძაბულობას Wall Street Journal, რომლის მიხედვითაც, პეკინს მოლაპარაკებების გაგრძელების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ბლუმბერგი კი წერს, რომ შესაძლოა, ჩინეთმა ოთხშაბათისთვის ვაშინგტონში ჩანიშნული მორიგი შეხვედრა სრულიად გააუქმოს.

ჩინეთის ვიცე-პრემიერი და მოლაპარაკებების მეთაური ლიუ ჰე შტატებში 100-კაციანი დელეგაციით გამგზავრებას გეგმავდა, იმედოვნებდნენ, რომ სავაჭრო ომის დასარულს სწორედ მოლაპარაკებებით მიაღწევდნენ.

შეგახსენებთ, სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სა და ჩინეთს შორის 2018 წლიდან საკმაოდ გართულდა. გასული წლის მარტში, ტრამპმა ასევე ხელი მოაწერა მორიგ განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ფოლადის იმპორტზე ტარიფი 25%, ალუმინზე კი, 10%-მდე გაზარდა. საპასუხოდ ჩინეთმა სარკისებური სანქციები მიიღო და ამერიკულ პროდუქტებზე იმპორტის გადასახადი გაზარდა. არსებულ ვითარებას ეკონომისტები "სავაჭრო ომად" მოიხსენიებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები