აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ინდოეთს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმება დაიდო, რომლის ფარგლებშიც აქამდე დაწესებული ტარიფები შტატების მხრიდან 18%-მდე შემცირდება, ხოლო ინდოეთი იმპორტზე დაწესებულ დამატებით გადასახადს სრულად გააუქმებს.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად შტატების ლიდერმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები აპრილის თვეში დაუწესა, აგვისტოს თვეში კი, მოლაპარაკებების გაჭიანურებისა და რუსული ნავთობის აქტიურად შესყიდვის გამო აღნიშნული გადასახადი 50%-მდე გაუზარდა. ამ მოცემულობით, ინდოეთს ტარიფები 32%-ით შეუმცირდა, რაც ერთ-ერთი უდიდესი შეღავათია, რაც თეთრ სახლს სავაჭრო პარტნიორისთვის მიუცია.
იმას გარდა, რომ ინდოეთი ამერიკულ პროდუქციაზე იმპორტის დამატებით გადასახადს სრულად გააუქმებს, ოფიციალური ნიუ დელი მკვეთრად შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს, სანაცვლოდ კი პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან გააღრმავებს და წიაღისეული საწვავის შესყიდვას სწორედ შტატებისაგან დაიწყებს. სავარაუდოა, რომ ამ პროცესში ვენესუელური ნავთობი აქტიურად იქნება გამოყენებული, რადგან აშშ ვენესუელური წიაღისეული საწვავის მსხვილი შემსყიდველი, გადამამუშავებელი და შემდგომი ექსპორტიორია. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ინდოეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის $500 მილიარდის გარიგებაც დაიდო, რაც ამერიკული ენერგორესურსების, ტექნოლოგიური მოწყობილობების, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ქვანახშირის, ასევე სხვა არაერთი ნაწარმის შესყიდვას მოიცავს.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი მალევე გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას და თქვა, რომ 1.4 მილიარდი თანამოქალაქის სახელით შტატების ლიდერს მადლობას უხდის. ინდოეთის მმართველმა იმედი გამოთქვა, რომ ორ უდიდეს დემოკრატიას შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.




























