მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა საუდის არაბეთი NATO-ს არაწევრ მთავარ პარტნიორად დაასახელა - რას ნიშნავს ეს?

მოჰამად ბინ სალმანი და დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთი NATO-ს არაწევრ მთავარ პარტნიორად დაასახელა. ეს გადაწყვეტილება მან საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესა და არაფორმალურ მმართველთან მუჰამედ ბინ სალმათან შეხვედრისას გააჟღერა. მან განმარტა, რომ აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის თავდაცვით სფეროში თანამშრომლობა ამიერიდან უფრო მაღალ საფეხურზე გადავა.

აღსანიშნავია, რომ თეთრ სახლში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი პრინც სალმანსა და დონალდ ტრამპს შორის ხელი ახალ სამხედრო შეთანხმებასაც მოეწერა, რომლის ფარგლებშიც შტატები საუდის არაბეთს F-35 ტიპის გამანადგურებლებს მიჰყიდის.

რაც შეეხება ქვეყნის NATO-ს არაწევრ მთავარ პარტნიორად დასახელებას, უნდა განიმარტოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება ერთპიროვნულად მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტს აქვს. ის არ არის ვალდებული, საკითხზე კონსულტაციები NATO-ს წევრ სხვა ქვეყნებთან გაიაროს. სანაცვლოდ, არც NATO-ს წევრები იღებენ მთავარ პარტნიორად დასახელებული სახელმწიფოს წინაშე რამე პასუხისმგებლობას. რეალურად, ტრამპის განცხადება სიმბოლურ ხასიათს ატარებს და მისი დანიშნულება თავად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საუდის არაბეთს შორის თავდაცვის სფეროში დაახლოებაა.

ცნობისთვის, სხვადასხვა დროს ამერიკის პრეზიდენტებმა NATO-ს არაწევრ მთავარ პარტნიორებად ისრაელი, კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ტუნისი და იორდანიაც გამოაცხადეს. ჯამურად, ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებას 20 არაწევრი მთავარი პარტნიორი ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები