"თბილისის ცენტრალური ავტოსადგური" აპრილში განახლებულ მოსაცდელ დარბაზს გახსნის. როგორც BMG-სთან კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი სულაძემ განაცხადა, ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს პირველი სართული განახლების პროცესი, რომელიც აპრილში დასრულდება.
თბილისის ცენტრალურ ავტოსადგურს სერტიფიცირების ფარგლებში
პირველი კატეგორია მიენიჭა. შესაბამისად აქვს უფლება შეასრულოს მგზავრთა როგორც საქალაქთაშორისო, ასევე საერთაშორისო გადაყვანა. რეფორმის ფარგლებში კი, სრული ტრანსფორმაცია ხდება.
„იმისთვის, რომ არ შევჩერდეთ, ჩვენ ეტაპობრივად ასე ვთქვათ, ფაზებად ვახორციელებთ ტრანსფორმაციას. ამჟამად მიმდინარეობს პირველი სართულზე, რომელიც სრულად არის ავტოსადგური რემონტი. მოსაცდელი დარბაზი თითქმის დასრულებულია . ეს შენობა, ჩვენი ცენტრალური ავტოსადგური ორთაჭალაში არის 1973 წელს აშენებული, ანუ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ბრუტალისტური არქიტექტურის წარმომადგენელია და ძალიან ბევრ განახლებას საჭიროებს. როგორც აღვნიშნე, პირველ სართულს ვამთავრებთ აპრილის ბოლომდე. მეორე ფაზა იქნება ექსტერიერის სრულად განახლება, რომელსაც ველოდებით, რომ შემდეგი წლის დასაწყისში დავასრულებთ. სამუშაოები გათვლილია ე.წ დაბალ სეზონზე, რაც ჩვენთვის არის ნოემბრიდან მარტის ბოლომდე“, - ამბობს გიორგი სულაძე.
მისი თქმით, ჯამური საინვესტიციო პაკეტი არის მილიონიდან ორ მილიონ ლარამდეა.
ავტოსადგურების ახალი რეგლამენტით, ყველა ავტოსადგური აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხოების კამერებით, განრიგების მაუწყებელი ელექტრონული ტაბლოებით და ბილეთების ონლაინ რეალიზაციის სისტემით.




























