კომპანია „ტრანსპორტერი“, რომელიც ექსტრემალური და სპეციალიზებული ტექნიკის იმპორტსა და რეალიზაციაზე მუშაობს, დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და რეგიონული გაფართოებისთვის ემზადება. როგორც კომპანიის მმართველმა პარტნიორმა სერგი შუღაროვმა განაცხადა, 2025 წელი „ტრანსპორტერისთვის“ გარდამტეხი ეტაპია, როგორც განვითარების, ისე ახალი სტრატეგიული გეგმების თვალსაზრისით.
სერგი შუღაროვის თქმით, ჰობიდან დაწყებულ საქმე ბიზნესად ჩამოყალიბდა და განვითარების გზაზე არაერთი სირთულე გადალახა. „ბევრი აღმართი და დაღმართი გამოვიარეთ, თუმცა რწმენამ, დაუღალავმა შრომამ და რისკების აღებამ აქამდე მოგვიყვანა“, - აღნიშნა მან.
„ტრანსპორტერმა“ საქმიანობა BRP-ის კანადური ბრენდის ტექნიკის შემოტანით დაიწყო. კომპანიის პორტფელში დღეს შედის კვადროციკლები, ბაგები, თოვლმავლები, წყლის სკუტერები და ოთხსეზონიანი ტექნიკა, რომელიც გამოიყენება როგორც ტურიზმში, ისე სოფლის მეურნეობაში, მეღვინეობასა და სხვადასხვა ინდუსტრიულ სექტორში. შუღაროვის განცხადებით, ბაზრის ზრდა ყოველწლიურად მინიმუმ 20–25%-ს შეადგენს, რაც სექტორის მზარდ პოტენციალზე მიუთითებს.
„აღნიშნული საქმიანობა, რეალურად, ჰობიდან დაწყებული ბიზნესია. კომპანიის შექმნის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც ტრიციკლის შეძენის შემდეგ ტექნიკური მომსახურების პრობლემას წავაწყდი, ვინაიდან იმ პერიოდში კანადური ბრენდი BRP (Bombardier Recreational Products) საქართველოში წარმოდგენილი არ იყო. სერვისის განსახორციელებლად სპეციალისტების მოწვევა ჯერ სომხეთიდან, შემდგომ კი აზერბაიჯანიდან მომიხდა, რამაც ბრენდის ქვეყანაში სრულფასოვნად შემოყვანის გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა.
ბიზნესოპერირება სწორედ BRP-ის პროდუქციით კვადროციკლებით, ბაგებით, თოვლმავლებითა და წყლის სკუტერებით დავიწყეთ. წყლის ტექნიკის რეალიზაციის პროცესში გამოიკვეთა შავი ზღვის სანაპიროზე მცურავი საშუალებების მიმართულებით არსებული გამოწვევები, რამაც საქმიანობის გაფართოებისკენ გვიბიძგა. ანალოგიური პროცესი განმეორდა ზამთრის სეზონზეც, მთის კურორტებისა და ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის თოვლმავლების მიწოდებისას, ნათლად დავინახეთ მთაში არსებული საჭიროებები. შედეგად, განვითარების ლოგიკურმა ჯაჭვმა თოვლმავლებიდან ზვავების მართვის სისტემების დანერგვამდე მიგვიყვანა, რაც ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი გახდა.
ამგვარად, ყოველმა გადადგმულმა ნაბიჯმა ახალი შესაძლებლობები გადაგვიშალა. ბაზარზე არსებული დეფიციტის იდენტიფიცირებითა და მათი თანმიმდევრული ათვისებით, კომპანიამ განვითარების ეფექტური გზა განვლო", - თქვა კომპანიის ხელმძღვანელმა #ედვაიზერში.
ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კომპანიის მმართველი პარტნიორი ტექნიკის დაზღვევის პრობლემას ასახელებს. მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიების მხრიდან რისკების არაღება მომხმარებლებს საბანკო სესხებზე, ლიზინგსა და განვადებაზე წვდომას უზღუდავს. სწორედ ამ მიზეზით „ტრანსპორტერმა“ დანერგა შიდა უპროცენტო განვადება - 50%-იანი წინასწარი გადახდის შემთხვევაში მომხმარებლებს ექნებათ 6-თვიანი განვადების შესაძლებლობა, ბანკისა და სადაზღვევო კომპანიის გარეშე.
კომპანია აქტიურად მუშაობს პორტფელის გაფართოებასა და ახალი ბრენდების დამატებაზე. პარალელურად, „ტრანსპორტერი“ გეგმავს რეგიონულ ექსპანსიას და მეზობელ ბაზრებზე გასვლას. შუღაროვის თქმით, საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა, როგორც Middle Corridor-ის ნაწილი, სომხეთსა და აზერბაიჯანში გაყიდვების ზრდის შესაძლებლობას ქმნის.
„განვითარებას საზღვარი არ აქვს. ჩვენი მიზანია, არ ჩამოვრჩეთ გლობალურ ტენდენციებს, ვეცნობოდეთ ახალ ტექნოლოგიებს და სწორად შევარჩიოთ მიმართულებები, რომლებიც ქვეყნის ბუნებრივ და გეოგრაფიულ პოტენციალს შეესაბამება.
საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს როგორც სომხეთისთვის, ისე აზერბაიჯანისთვის. „შუა დერეფნის“ როლის გაძლიერება გვაძლევს შესაძლებლობას, მეზობელ ქვეყნებში ახალი ბრენდებითა და პროდუქციით შევიდეთ, რაც, თავის მხრივ, ჩვენი გაყიდვების ბაზრის მასშტაბურ ზრდას განაპირობებს.
ნებისმიერი ბიზნესის წარმატების ფუნდამენტური ფაქტორი ბაზრის მოცულობა და მომხმარებელთა რაოდენობაა. მიუხედავად იმისა, რომ სასურველია ადგილობრივი ბაზრის დემოგრაფიული და ეკონომიკური ზრდა, არსებულ მოცემულობაში ჩვენი სტრატეგია მეზობელი ქვეყნების პოტენციალის ათვისებაზეა ორიენტირებული. ტერიტორიული უპირატესობისა და რეგიონული შესაძლებლობების ეფექტური გამოყენებით, ჩვენ ვგეგმავთ საოპერაციო არეალის გაფართოებასა და რეალიზაციის მაჩვენებლების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას“,- განაცხადა შუღაროვმა.
მისივე თქმით, „ტრანსპორტერი“ ყველა ბრენდს გრძელვადიან პროექტად განიხილავს და მზად არის, რესურსები სრულად ჩადოს მათი განვითარებისათვის როგორც საქართველოში, ისე რეგიონში.




























