იმპორტიორი კომპანიების ნაწილში არ გამორიცხავენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის გაძვირების და ტრანსპორტირებაზე ფასების ზრდის ფონზე, საქართველოში სამშენებლო-სარემონტო მასალები გაძვირდეს.
როგორც BMG-ის კომპანია „ზოდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა განუცხადა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის და ნავთობის ფასების ზრდის გამო საერთაშორისო გადაზიდვები გაძვირდა, რაც საბოლოო პროდუქციის ფასზე აისახება.
ნინო დვალიძის თქმითვე, მომწოდებლების მხრიდან უკვე არის სიგნალები, რომ პროდუქციის მომდევნო პარტიები უკვე გაზრდილი ფასებით შემოვა.
“დივერსიფიცირებული არის ჩვენი მომწოდებლების ბაზრები და სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს [პროდუქცია]. ეს არის როგორც თურქეთი, ასევე ინდოეთი, ევროპა, უკრაინა. რაც შეეხება ფასების ზრდას, თავისთავად ბუნებრივია, ეს პროცესი, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, ენერგომატარებლებზე ფასების გაძვირება პროპორციულად ადრე თუ გვიან აისახება ჩვენს პროდუქციაზე. დღეს და ხვალ ამის ასახვას არ ვახდენთ, თუმცა ახალი შეკვეთების დროს, რაც უკვე დაფიქსირდა, არის სატრანსპორტო კომპანიების მხრიდან ფასის მატება საწვავის [გაძვირების] გამო. სახმელეთო ტრანსპორტზე არის ძირითადად გაძვირება, დაახლოებით 15-20%-იანი სხვაობა ფასში და ეს თავისთავად გავლენას მოახდენს ცალსახად პროდუქციის ღირებულებაზე.
რაც შეეხება მომწოდებლებს, პროდუქციის ფასთან მიმართებაში, არის ნიშნები, თვითონაც გაურკვეველ მდგომარეობაში არიამ და ელოდებიან ამ ფასზე ცვლილებას, ანუ გვეუბნებიან, რომ შესაძლებელია მომავალი თვიდან, მომავალი კვირებიდან ეს ფასები გადაიხედოს. არის ისეთი პროდუქციაც, სადაც ენერგომატარებლების ფასი მნიშვნელოვან როლს თამაშობს პროდუქციის ღირებულებაში და მოლოდინები თავისთავად ჩვენს მომწოდებლებსაც აქვთ. შესაბამისად, გაფრთხილებები და ნიშნები მოდის. სატრანსპორტო ფასები შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ სახმელეთო ტრანსპორტზე უკვე ასახული გვაქვს და გაძვირებულია ეს ფასები.
ჯერჯერობით, „ზოდში“ ამ ეტაპზე შენარჩუნებულია არსებული ფასები, თუმცაღა თუ ტრენდი შენარჩუნდა და უკვე ჩვენც მოგვიწევს ძვირად პროდუქციის შეკვეთა, თავისთავად ეს [ფასებზე] გავლენას იქონიებს. ჯერჯერობით ჩვენც ვაკვირდებით და მომწოდებლებიც აკვირდებიან ამ პროცესს”, - განაცხადა ნინო დვალიძემ.




























