მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრანსპორტის ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერებისთვის ჯარიმა ₾100 იქნება - კანონპროექტი

მანქანა ტროტუარზე

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ კანონპროექტზე ხვალ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.

საგზაო მოძრაობის წესების ცალკეული სამართალდარღვევისთვის ჯარიმების ზრდის გარდა, კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს ემატება ნორმები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება პასუხისმგებლობა შემდეგი ქმედებებისათვის:

- სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;

- გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრება გასულ კვირას დააანონსა და შესაბამისი ცვლილებები პარლამენტშიც დაარეგისტრირა.

bm.ge გთავაზობთ იმ ძირითად დარღვევებს, რომლებზეც ჯარიმები იზრდება და დამატებითი შეზღუდვები შემოდის

დარღვევა ძველი ჯარიმა (ლარი) ახალი ჯარიმა (ლარი) ზრდა (ლარი) ზრდა (%)
უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა 40 50 10 25%
მობილურით სარგებლობა მართვისას 30 50 20 67%
მართვის მოწმობის/დოკუმენტების გარეშე მართვა 10 100 90 900%
ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების მართვა 15 50 35 233%
სიჩქარის გადაჭარბება (15-40 კმ/სთ-ით) 50 100 50 100%
საგზაო ნიშნის/მონიშვნის და ა.შ. დარღვევა 20 50 30 150%
სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მანევრირების წესების დარღვევა 50 100 50 100%
დგომა-გაჩერების წესების დარღვევა (თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის, კურორტების ტერიტორიაზე) 10 (რეგიონებში) / 50 (თბილისში) 50 (ყველგან, გარდა რეგიონებისა, სადაც რჩება 10 ლარი) იზრდება 40 ლარით რეგიონულ ქალაქებში 400%
გზის მოვლა-შენახვის წესების დარღვევა (ფიზიკური პირი) 500 2,000 1,500 300%
გზის მოვლა-შენახვის წესების დარღვევა (იურიდიული პირი) 500 5,000 4,500 900%
დაზიანების გამომწვევი დარღვევა (ფიზიკური პირი) 1,500 3,000 1,500 100%
დაზიანების გამომწვევი დარღვევა (იურიდიული პირი) 1,500 7,000 5,500 367%
ორგანიზებულად გზის გადაკეტვა (ჯგუფური მოძრაობა, რაც აფერხებს მოძრაობას) 20 1,000 980 4900%

გარდა ამისა, ქულები შემცირდება

  • უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა 10 ქულა (5-ის ნაცვლად)
  • გზაზე განლაგების, მოძრაობის დაწყების და მანევრირების წესების დარღვევა -20 ქულა (10-ის ნაცვლად)

ცნობისთვის, 2025 წლის 9 თვის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების აკრეფით 188 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიური პერიოდის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 172.7 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად ამ მიმართულებით დაწერილი საჯარიმო შემოსავლები წელს 15.7 მილიონი ლარით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები