მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრანზიტის გაზრდილი მოცულობა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს გააიაფებს - Galt & Taggart

635a85114e9d6
მარიამ ვარადაშვილი
27.10.22 18:05
561
საქართველოში ვიზიტად მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტზე ისაუბრა და თქვა, რომ ტრანზიტი საქართველოს გავლით მოხდება.

“აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგავატი არის ჩვენი შესაძლებლობების მასშტაბი განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით შეგვიძლია 157 გეგავატი გავიტანოთ ექსპორტზე. მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ ამ მიმართულებითაც. საერთო ჯამში გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა და ენერგო დერეფნების პოტენციალი”,-განაცხადა ალიევმა.

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი BMG-ის ეუბნება, რომ საქართველოს გავლით ელექტროენერგიის გაზრდილი ტრანზიტი სამომხმარებლო ტარიფს გააიაფებს.

“აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ტრანზიტი 2016 წლიდან მიმდინარეობს. ქართული მხარის სარგებელი ამ შემთხვევაში ტრანზიტის საფასურია, რომელსაც სახელმწიფო ელექტროსისტემა იღებს. თანხის ზუსტი მოცულება არ ვიცით, მაგრამ ის გატარებულ მოცულობაზეა დამოკიდებული. ელექტროსისტემას დამატებითი შემოსავალი რომ ექნება ეს კარგია, რადგან ამ თანხას სემეკი უკვე ელექტროენერგიის ტარიფში გაითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ტარიფზე ეს პროცესი დადებითად აისახება”,-ამბობს ჩახვაშვილი.

ამ ეტაპზე საქართველოს აზერბაიჯანთან დაკამაკავშირებელი ორი ელექტროგადამცემი ხაზი აქვს და თითოეულის გამტარუნარიანობა დაახლოებით 700 მგვტ-ია.

“ორივე ხაზი პარალელურ რეჟიმში მუშაობს, რაც ჩვენს სისტემას ეხმარება და ერთმანეთს აზღვევს. რაც შეეხება თურქეთში ექსპორტის საკითხს, აქ მაქსიმალური გამტარუნარიანობა 700 მგვტ-ია, თუმცა თურქეთთან ე.წ. მეორე ხაზის პროექტიც არსებობს, რომელის დასრულებაც 2024 წელს იგეგმება. მისი გახნით თურქეთის მიმართულებით გამტარუნარიანობა გაიზრდება. კერძოდ, თურქეთთან გამტარუნარიანობა დაახლოებით 1000 მგვტ-მდე უნდა გაიზარდოს”,-აცხადებს ჩახვაშვილი.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს [IEA] მონაცემებით, აზერბაიჯანის ელექტროსისტემის გენერაციის წყაროების მთლიანი დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 7.5 გიგავატს შეადგენს, სადაც თეს- 6.5 გიგავატია, ჰეს- 1.1 გიგავატია. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის 8 თვეში ელექტროენერგიის წარმოება ქვეყანაში წლიურად 2.6%-ით 19115.7 კილოვატ საათამდე გაიზარდა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გადამცემი ქსელის განვითარების საკუთარ ათწლიან გეგმაში წერს, რომ გენერაციის განვითარების კუთხით აზერბაიჯანში 2030 წლამდე დაგეგმილია დაახლოებით 3000 მგვტ-მდე ახალი გენერაციის წყაროების მშენებლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები