კომპანია Treepex-მა ახალი მწვანე კრიპტოვალუტა Oxyn შექმნა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ფინანსურ სარგებელთან ერთად, გარემოზეც იზრუნოს. როგორც კომპანიის დამფუძნებლები აცხადებენ, მათი პროექტით რამდენიმე ამერიკული და ევროპული საფინანსო ინსტიტუტი უკვე დაინტერესდა.
,, შევქმენით სრულიად განსხვავებული კრიპტოეკოსისტემა, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. მისი მათავარი მიზანია ერთმანეთს დააკავშიროს ბიზნესი, მომხმრებლები, ვისაც სურს გარემოსთვის რაიმე კარგი გააკეთოს და ის კომპანიები, ვისაც მწვანე ინიციატივები აქვს, რომელთაგან ზოგი ტყის აღდგენით არის დაკავებული, ზოგი წყლის სისუფთავეს უძღვნის თავის საქმიანობას და ა.შ.
გვსურს შევკრიბოთ საზოგადოება, რომელიც ამ პრინციპების მიმდევარია. მათი მოტივაციისთვის ჩვენ გავაკეთეთ ასეთი რამ - იმ კერძო პირის სახელზე, ვინც ჩვენი ვებ გვერდის საშუალებით შეიძენს Oxyn-ს, ხეს ვრგავთ, რომლის ფოტოსურათსაც და მდებარეობასაც ამ ადამიანს ვუგზავნით. ეს ხეები ამჟამად ირგვება ამერიკაში, კალიფორნიაში, სადაც დიდი ხანძარი იყო.
ვქმნით იმ კომპანიების ქსელს, რომლებიც მზად არიან ასეთ მომხმარებლებს, ე.წ ,,მწვანე ადამიანებს“, რომლებიც ფლობენ Oxyn-ს, რაიმე ექსკლუზიური შესთავაზონ. მაგალითისთვის, ეს შეიძლება იყოს რომელიმე ბარში სალათი, რომელიც სპეციალურად მათთვის მომზადდება, ან შეიძლება იყოს სასტუმროში ექსკლუზიური ნომერი, თვითმფრინავში განსაკუთრებული სავარძელი ბიზნესკლასში და ა.შ “ - განაცხადა კომპანია Treepex-ის დამფუძნებელმა ლაშა კვანტალიანმა.
როგორც კომპანიის მეორე დამფუძნებელი ბაჩო ხაჩიძე განმარტავს, პროექტმა ინვესტორების დიდი ინტერესი გამოიწვია.
,, უკვე დაინტერესდა რამდენიმე ენჯელ ინვესტორი, ასევე ერთ-ერთი ამერიკული ფონდი სიეტლში და იტალიის სატყეო უნივერსიტეტი. დაგეგმილი გვაქვს ასევე შეხვედრა შვეიცარიაში, ერთ-ერთ ვენჩერულ ფონდთან, მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ Oxyn-ს პირველ რიგში მხარი დაუჭიროს საზოგადოებამ, რადგან ადამიანებს შეუძლიათ ჩადონ ინვესტიცია მასში და მიიღონ ორმაგი სარგებელი“ - განაცხადა მან.
როგორც კომპანია Treepex-ის დამფუძნებელები აცხადებენ, პროექტის პირველ ეტაპზე ოქსინების დისტრიბუციის ფოკუსირებულია კალიფორნიაზე, მაგრამ მეორე ეტაპზე, პროექტში ბორჯომის ტყეპარკის ჩართვაც იგეგმება, რაც მის აღდგენას ითვალისწინებს.