მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Trump Tower Tbilisi გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ უძრავი ქონების პროექტი - სოსო ფხაკაძე

ტრამპ ტაუერი

“Trump Organization-თან ფინანსური ურთიერთობის პირობები კომერციული საიდუმლოებაა”, - ასე უპასუხა Trump Tower - Downtown Tbilisi-ის თანაინვესტორმა, ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ BMG-ის შესაბამის კითხვას.

"ეს ინფორმაცია წარმოადგენს მხარეებს შორის არსებული კომერციული შეთანხმების ნაწილს და, ბუნებრივია, კომერციული საიდუმლოებაა. მისი კონფიდენციალურობა დაცულია შესაბამისი ხელშეკრულებებით. აქედან გამომდინარე, კონკრეტული ფინანსური პირობების გასაჯაროების შესაძლებლობა არ გვაქვს", - თქვა ბიზნესმენმა.

სოსო ფხაკაძის შეფასებით, Downtown Tbilisi გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ უძრავი ქონების პროექტი.

როგორც ცნობილია, Trump Tower Downtown Tbilisi-ს პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 2 მილიარდი აშშ დოლარია.

"პროექტი მოიცავს ექვს განსხვავებულ თაუერს, რომელთაგან ერთი Trump-ის ბრენდის ქვეშ განვითარდება. ამასთან, Downtown Tbilisi არ იქნება მხოლოდ ერთი ბრენდის პროექტი. პროექტის სხვა თაუერებში წარმოდგენილი იქნება სხვა საერთაშორისო ბრენდები და მათი კონცეფციები.

თითოეული თაუერი იქნება ინდივიდუალური არქიტექტურის, დიზაინისა და კონცეფციის მქონე. ჩვენი მიზანია შევქმნათ არა უბრალოდ ცალკეული შენობების ანსამბლი, არამედ ერთიანი, თანამედროვე ურბანული გარემო, რომელიც მაღალი ხარისხის საცხოვრებელ სივრცეებთან ერთად გააერთიანებს საოფისე, სავაჭრო, გასართობ და საზოგადოებრივ ფუნქციებს. ცენტრალურ პარკთან უშუალო სიახლოვე პროექტს დამატებით ღირებულებას სძენს და ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, თანამედროვე არქიტექტურა, ქალაქური ცხოვრება და გამწვანებული გარემო ერთ სივრცეში გაერთიანდეს.

ჩვენ გვჯერა, რომ Downtown Tbilisi მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მთლიანად საქართველოს დეველოპერულ სექტორზე. ამ მასშტაბისა და ხარისხის პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი უძრავი ქონების ინდუსტრიის ხარისხობრივი პარამეტრების, არქიტექტურული მიდგომებისა და სტანდარტების ახალ საფეხურზე აყვანას. შესაბამისად, პროექტისგან მიღებული ეფექტი არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი უშუალო მონაწილეებით, ის ცალსახად დამატებით შესაძლებლობებს შექმნის მთლიანად სექტორისთვის”, - აცხადებს სოსო ფხაკაძე.

მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია პროექტის საერთაშორისო საინვესტიციო პოტენციალი.

"ჩვენი მოლოდინია, რომ Downtown Tbilisi საქართველოს გააცნობს უცხოელი უძრავი ქონების მყიდველებისა და ინვესტორების ახალ აუდიტორიას, რომელიც აქამდე საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს შესაძლოა საერთოდ არ განიხილავდა საინვესტიციო მიმართულებად.

საერთაშორისო ბრენდების, გამორჩეული არქიტექტურის, დიზაინისა და პროექტის მასშტაბის ერთობლიობა მნიშვნელოვნად ზრდის თბილისის პოზიციონირების შესაძლებლობას საერთაშორისო უძრავი ქონების ბაზარზე.

საბოლოოდ, Downtown Tbilisi ჩვენი ხედვით გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ უძრავი ქონების პროექტი. ეს არის ახალი, სრულიად თანამედროვე ურბანული სივრცის შექმნის გაბედული მცდელობა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს თბილისისა და საქართველოს ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში, ახალი ინვესტიციებისა და ეკონომიკური აქტივობის მოზიდვაში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ჩვენი ამბიციაა, Downtown Tbilisi გახდეს თბილისის ახალი საერთაშორისო მისამართი, თანამედროვე, გამორჩეული და მომავალზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენს მსოფლიო რუკაზე”, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები