მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცაგერში სტადიონის მშენებლობის გამო, "წითელ ნუსხაში" შეტანილ 12 კაკლის ხეს მოჭრიან

კაკლის ხე

ქალაქ ცაგერში საფეხბურთო სტადიონისა და ცენტრის მშენებლობის გამო, წითელ ნუსხაში შეტანილ 12 კაკლის ხეს მოჭრიან. კერძოდ, მთავრობის 10 ივლისის განკარგულების თანახმად, ცაგერის მერიას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების პროექტის გამო, ბუნებრივი გარემოდან კაკლის ხეების ამოღების უფლება მიეცა.

დოკუმენტის მიხედვით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი მცენარეების გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ.

ასევე, მერიამ მოჭრილი მერქნული რესურსი უნდა დაასაწყობოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.

ცნობისთვის, ცაგერში სტადიონსა და საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრს კომპანია შპს „ართვინ ჯორჯია“ აშენებს. შესაბამისი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ცაგერის გარდა, დაბა მესტიაშიც დაევალა საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობის სამუშაოების შესრულება. ვადა 12 თვეა, სახელშეკრულებო ღირებულება კი - 12,654,377 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები