სამოქალაქო აქტივისტის, ისაკო დევიძის დედის ინფორმაციით, სახლის ჩხრეკის შედეგად, შსს-მ ბინიდან დევიძის ოჯახის წევრების პირადი და სამუშაო ლეპტოპები, დედის ოპერაციისთვის განკუთვნილი 2 000 ლარი და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაიტანა. როგორც ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ისაკო დევიძის დედას განუმარტეს, აქტივისტი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
"რომ მოვედით სახლში, პოლიცია დაგვხვდა სადარბაზოსთან, პირველად მარი [ისაკოს და] ამოვიდა. მეც ვუთხარი [პოლიციას], რომ სახლში ასვლა მინდოდა, კარების წინაც, სართულზეც არ გამაჩერეს, ძირს ჩაბრძანდით და აგიხსნით რა ხდებაო. ვეკითხები, რის საფუძველზე ხდება ეს დაკავება, ჩხრეკა... ველოდე ნახევარი საათი პასუხს. რომ გაიღო კარები, გამოიყვანეს ისაკო, არც დამალაპარაკეს, არც ამიხსნეს, რა ხდებოდა…
სახლში რომ შემოვედი, ჩემი სამუშაო ლეპტოპები, ჩემი მეორე შვილის სამუშაო ლეპტოპი და ისაკოს ლეპტოპი იყო წაღებული და 2 000 ლარი, საოპერაციო ფული მქონდა გადადებული, რამდენიმე დღის წინ ისაკომ გააკეთა სესხი, თავის სახელზე გამომიტანა, და დადებული მქონდა თანხა, უნდა დამეგეგმა ოპერაცია თებერვლის თვეში და ის ფულიც არ არის", - უთხრა ისაკო დევიძის დედამ "ტვ პირველს".
დევიძის ადვოკატი ჰყვება, რომ ჩხრეკის დაწყებამდე აქტივისტს არ განემარტა, რის საფუძველზე მიმდინარეობა ჩხრეკა.
დღეს, ისაკო დევიძის სახლის გარდა, ჩხრეკა ჩატარდა Facebook ჯგუფ "დაიტოვეს" ადმინების, ნენსი ვოლანდისა და ილია ღლონტის ბინებშიც. ილია ღლონტი პოლიციამ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.
ისაკო დევიძე პოლიციამ პირველად 19 ნოემბერს, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ჩატარებულ აქციაზე, პროტესტის სხვა 15 მონაწილესთან ერთად დააკავა. მაშინ დევიძეს ბრალი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ედავებოდნენ. ისაკო დევიძემ იზოლატორი 8 დღის შემდეგ დატოვა, მანამდე კი, შიმშილობის გამო, კლინიკა "ვივამედში" იყო გადაყვანილი.