მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარმოების გაფართოება აუცილებელი გახდა - “სამეფო მწნილი”

მწნილების მეფე

მწნილების კომპანია შპს "სამეფო მწნილი” სულ რამდენიმე თვეა ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და კომპანია უკვე გაფართოებაზე ფიქრობს, მომხმარებლისგან წამოსული დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ჯონდო ცერცვაძემ Bm.ge-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“ჩვენი კომპანია დაახლოებით მეოთხე თვეა, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და დღემდე აქტიურად ახორციელებს თავის საქმიანობას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მწნილების მრავალფეროვან არჩევანს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი პროდუქტი მიმზიდველი აღმოჩნდა მომხმარებლისთვის და ბაზარზე გაჩნდა დიდი მოთხოვნა, აუცილებელი გახდა გავაფართოოთ წარმოება, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს, როგორც საწარმოს გაფართოებას, ისე მუშახელის დამატებას. ამიტომ ამ მიზნის მისაღწევად პირველ წელს ვფიქრობ მოვიძიო 100,000 ლარიანი ინვესტიცია, რათა მომავალ სეზონზე მთლიანად მოვიცვათ ქართული ბაზარი”, - დასძინა მან.

ამასთან, სამომავლო გეგმებზე საუბრისას დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გეგმებშია ექსპორტზე გასვლაც.

“არსებულ ბაზარზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. მოთხოვნა მოდის როგორც კერძო პირებისგან ისე რესტორნების, მაღაზიების, სხვადასხვა სასადილოებისა თუ ქსელური მაღაზიების მხრიდან, ჩვენი თვიური ბრუნვა 10 000 ლარამდე აღწევს. მომავალი წლისთვის გვსურს მოვიცვათ სრულიად ქართული ბაზარი, და ვიზრუნოთ იმისთვის რომ ჩვენი პროდუქტი გავიტანოთ ექსპორტზე, პირველ რიგში განიხილება ჩინეთის ბაზარი, სადაც წარმოების გაზრდის შემდეგ გავალთ”, - აღნიშნა ცერცვაძემ.

კომპანია “სამეფო მწნილი” საჭირო ნედლეულს ადგილობრივი გლეხებისა და ფერემერებისგან იღებს, ამასთან პროდუქციის ფასი  4-დან 6-მდე ლარამდე მერყეობს.

“კომპანია საჭირო ნედლეულს ადგილობრივი გლეხებისგან და ფერმერებისგან იღებს, ასევე ჩვენს მიერ გამოიყენება ისეთი სახის ნედლეულიც, რომელსაც ჯერჯერობით არ აქვს ღირებულებითი ფასი, მარტივად რომ ვთქვათ, ვიყენებთ ნედლეულს, რომელიც უბრალოდ იყრება და ნადგურდება გლეხების მიერ. შესაბამისად, ჩვენი წარმოება ემსახურება მდგრადი განვითარების მიზნებსაც, ჩვენი პროდუქტი არ გამოირჩევა მაღალი ფასით, ხარისხის მიუხედავად, ფასი  4-დან 6-მდე ლარამდე მერყეობს”, - დასძინა დამფუძნებელმა.

ცნობისთვის: კომპანიის საწარმო გორის რაიონში, სოფელ ზეღდულეთში მდებარეობს, სადაც 5 ადამიანია დასაქმებული, საწარმოს გაფართოებასთან ერთად, გაიზრდება დასაქმებულთა რიცხვიც. “სამეფო მწნილის” პროდუქციის შეძენა შესაძლებელია კომპანიის ონლაინ ოფიციალურ გვერდზე (მწნილების მეფე) და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მაღაზიებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები