ქართული წინდების მწარმოებელი ცნობილი საწარმო „ტიფლისტექსი“ 2024 წელს წარმოების 50%-ით გაზრდას და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში ექსპორტის დაწყებას გეგმავს. როგორც კომპანიის ექსპორტ-მენეჯერმა გიორგი გობეჯიშვილმა „საქმიან დილასთან“ საუბრისას განაცხადა შესაბამისი ხელშეკრულება საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიასთან უკვე გაფორმდა.
გობეჯიშვილის თქმით, ამ ეტაპზე კომპანია 2 მლნ-მდე წინდას აწარმოებს, 60% კი ექსპორტის ევროპის 6 ქვეყანაში გადის. ფასი 0.5 ცენტიდან 2,75 ევრომდე მერყეობს.
„ჩვენ ვართ წინდების მწარმოებელი ერთადერთი საწარმო საქართველოში, რომელიც 2018 წელს დაარსდა და პირდაპირი მიზეზი იყო ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების გამოყენება ევროკავშირთან, რომელიც იძლევა საშუალებას ჩვენი პროდუქცია ნულოვანი ტარიფით შევიტანოთ.
ამ ეტაპზე 6 ქვეყანაში ვართ, ეს არის საბერძნეთი, რუმინეთი, გერმანია, ავსტრია, დანია და იტალია. 2024 წლისთვის ვგეგმავთ გაფართოებას, მოლაპარაკებები დასრულებულია საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში წინდების მიწოდებით არიან დაკავებული. ამისთვის საჭირო საერთაშორისო სერტიფიკატი ავიღეთ, წარმატებით გავიარეთ აუდიტი და ვემზადებით 2024 წლისთვის.
2 მლნ წინდას ვაწარმოებთ ამ ეტაპზე, რომლის 60% ექსპორტზე გადის. ინვესტიცია რაც განხორციელდება, საწარმოს წარმადობას გაუზრდის 50%-ით და დავიწყებთ 4 მლნ-ის წარმოებას. ადგილობრივ ბაზრის ფასები რომ შევადაროთ ექსპორტს, ადგილობრივზე დამატებითი ღირებულების გადასახადს ვიხდით, ექსპორტზე თავისუფლდები და შედარებით დაბალი ფასებია. იწყება 50 ცენტრიდან და ადის 2,75 ევრომდე“, - უთხრა BMG-ს „ტიფლისტექსის“ ექსპორტის მენეჯერმა გიორგი გობეჯიშვილმა.