საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრ (2018-2019წწ) გიორგი ქობულიას წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომელიც კორუფციის ბრალდებითაა დაპატიმრებული ან კიდევ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „რამეს გააკეთებდნენ „ზემოდან“ მწვანე შუქის გარეშე.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
- გახმაურებულ საქმეებს შორისაა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა... მსგავსი ფაქტები რას ამბობენ ქვეყნის შესახებ - დღეს ხომ კერძო სექტორში ხართ...
- არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ფაქტია, ამომრჩევლების კონსოლიდაციისთვის „ქართული ოცნების“ ახალი ხაზია კორუფციასთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლა - ამას ვხედავთ ყოველდღე. რამდენად რეალურია ეს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ეს არის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ხაზი; მგონი, „ოცნება“ ამას ამზადებს როგორც ერთ-ერთ ახალ შეთავაზებას ამომრჩევლისთვის...
- გჯერათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კორუფციასთან ბრძოლა გულწრფელად გადაწყვიტა თუ სიტუაციური ქცევაა - ციხეშია რომეო მიქაუტაძე - ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ასევე, არაოფიციალურად, კორუფციასთან დაკავშირებული კითხვები ვრცელდება თორნიკე რიჟვაძის საქმეშიც...
- ვფიქრობ, [კორუფციასთან ბრძოლა] სიტუაციურია, რადგან ყველასთვის წარმოუდგენელია, რომ რომეო მიქაუტაძე ან თორნიკე რიჟვაძე რამეს გააკეთებდნენ „ზემოდან“ მწვანე შუქის გარეშე... კორუფცია მათი ["ოცნების"] სისტემის ნაწილია და ბოლომდე ვერ ამოიღებენ, მაგრამ რაღაც დონეზე უნდა ამოიღონ, რაც შეუწყობს ხელს ეკონომიკის ზრდასაც...




























