ხის სათამაშოების საწარმოს „ცაცია ოსტატის" წარმოებით სამი საერთაშორისო კომპანიაა დაინტერესებული. როგორც საწარმოს დამფუძნებელმა, შოთა შანშიაშვილმა BM.GE-ს განუცხადა, კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - Spielwarenmesse 2024-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც დაინტერესება საერთაშორისო ბაზრების მხრიდან ძალიან დიდი იყო.
მისივე ცნობით, ჯერჯერობით ექსპორტს არცერთ ქვეყანაში არ ახორციელებენ, თუმცა გამოფენის შემდეგ, მათი წარმოებით 2 გერმანული და 1 ესპანური კომპანიაა დაინტერესებული, რომლებსაც სურთ, რომ მათთან ითანამშრომლონ, ანუ შეთანხმების თანახმად, საწარმო პროდუქციას დაუმზადებს, რომელიც საერთაშორისო კომპანიის სახელით გაიყიდება.
„ჩვენთვის მაინც და მაინც მოსაწონი არ არის, რომ პროდუქცია ჩვენ დავამზადოთ, ხოლო ბაზარზე მათი ლოგოთი გაიყიდოს, თუმცა იმისათვის, რომ წარმოებას მეტი შემოსავალი ჰქონდეს, ბიზნესის განვითარებისათვის ამ შემოთავაზებაზე უარს არ ვამბობთ. მიზანი გვაქვს, რომ ჩვენი კონცეფციით ისეთი პროდუქცია შევქმნათ, რომელიც ევროპის მაღაზიებში გაიყიდება.
მოლაპარაკებები უკვე დასასრულს უახლოვდება და უახლოეს ორ თვეში გადაწყდება ექსპორტზე სად გავალთ. ხოლო, წელს აქტიურად გადავერთვებით სერტიფიცირების საკითხზე, რათა შემდეგი გამოფენისთვის უფრო მომზადებულები ვიყოთ. სერტიფიკატის გარეშე ევროპაში ძალიან არასერიოზულად გიყურებენ. წლის განმავლობაში, დაახლოებით 15 სხვადასხვა დიზაინის შეფუთვა და სერტიფიცირება გვაქვს გეგმაში,“- აცხადებს შანშიაშვილი.
მისი ინფორმაციით, ამ დრომდე პროდუქციის რეალიზაცია მათი ბრენდის ქვეშ არასოდეს განხორციელებულა და მხოლოდ პარტნიორ კომპანიებთან კოლაბორაციით, სხვა ბრენდის ქვეშ ხდება მათი ნაწარმის გაყიდვა.
ამ ეტაპზე საწარმოში ხუთი ადამიანია დასაქმებული და წარმოების გაფართოების შემდეგ, კადრების 15-მდე ზრდა იგეგმება.
ინფორმაციისთვის, ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „ცაცია ოსტატი“ 2021 წლიდან ამოქმედდა და მის მოსაწყობად, ჯამში 100 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.