"სათამაშოების სერტიფიცირება ძვირი სიამოვნებაა",- ამის შესახებ BM.GE-სთან ხის სათამაშოების მწარმოებელი საწარმო „ცაცია ოსტატის" დამფუძნებელმა, შოთა შანშიაშვილმა განაცხადა.
საქმე ისაა, რომ წლის დასაწყისში, კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - Spielwarenmesse 2024-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 ევროპული კომპანია, კერძოდ 2 გერმანული და 1 ესპანური კომპანია გაიცნო, რომლებთანაც მოლაპარაკებები დაკონტრაქტებამდე იყო მისული. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია ამ დრომდე ხის სათამაშოების საწარმოებლად საჭირო სერტიფიცირებას არ ფლობს, შეთანხმება დროებით დაპაუზდა.
შანშიაშვილის ინფორმაციით, კომპანიებთან საქმიანი კომუნიკაციის დაპაუზების მიუხედავად, მათთან პერიოდული კომუნიკაცია მაინც აქვთ. მისივე თქმით, ისინი "ცაცია ოსტატის" სერტიფიცირებას ელოდებიან. ამასთან, კომპანია კოლექციის მუშაობის პროცესშია და რებრენდინგს ახორციელებს.
"პროდუქციის გაუმჯობესებაზე მუშაობას არ ვწყვეტთ. მოლაპარაკება გვაქვს თურქეთის ლაბორატორიასთან, რომლებიც პროდუქციის სერტიფიცირებას ახორციელებენ. ისინი უმაღლეს შეფასებას გვაძლევენ, რომელიც ევროპის ბაზარზე ვალიდური იქნება და ევროპის მასშტაბით ექსპორტის უპრობლემოდ განხორციელების საშუალებას მოგვცემს. შეფერხებებს ფაქტობრივად გავანულებთ.
"აწარმოე საქართველოში" გრანტის გამოყენებას ვაპირებ ამ სერტიფიცირების მისაღებად, რადგან საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. 1 მოდელი სათამაშოს სერტიფიცირება, დაახლოებით 350-500 დოლარამდე ჯდება. თითო კოლექციაში კი, დაახლოებით 15-20 სათამაშო უნდა იყოს, რაც დაახლოებით 7000-8000 დოლარის ღირებულებისაა. ამ დროისათვის, 10 მოდელი სრულად დახვეწილია. სერტიფიცირებას კი დაახლოებით თვე-ნახევარი სჭირდება", - აცხადებს შანშიაშვილი.
მისივე განმარტებით, საერთაშორისო გამოფენები ყოველწლიურად იმართება. მომდევნო გამოფენა, 2025 წელს, იანვარშია დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, შაშიაშვილი იმედოვნებს, რომ პროდუქციის კოლექციის დასრულებას და სერტიფიცირებას მოასწრებენ, რათა გამოფენაზე სრულად მომზადებულები წარდგნენ.
ინფორმაციისთვის, „ცაცია ოსტატის“ ხის სათამაშოების მწარმოებელი საწარმო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. საწარმოს მოსაწყობად, ინვესტიციის მოცულობამ 100,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 79,000 ლარია.