მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელიწადში 4-5 ათასი ადამიანია, ვისაც სჭირდება და ვერ იკეთებს ბარიატრიულ ოპერაციას - დათო აბულაძე

ბარიატრია

2019 წლიდან სახელმწიფო ბარიატრიულ („კუჭის დაპატარავების“) ოპერაციას აღარ აფინანსებს. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ამის მთავარ არგუმენტად წლების წინ დასახელდა ის, რომ კუჭის დაპატარავების ოპერაციები ხშირ შემთხვევაში პირველი-მეორე ხარისხის სიმსუქნის შემთხვევებში კეთდებოდა, რაც კოსმეტიკურ და ესთეტიკურ მიზნებს ემსახურებოდა, რაც სახელმწიფოსთვის გაუმართლებელი ხარჯი იყო.

ამ არგუმენტს დღესაც არ იზიარებს ბარიატრიული ქირურგი, ქართულ-იტალიური კლინიკის ხელმძღვანელი, დავით აბულაძე. რედაქტ2-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ წელიწადში მინიმუმ 4-5 ათასი ადამიანია ქვეყანაში, ვისაც სჭირდება და ვერ იკეთებს ბარიატრიულ ოპერაციას და შემდგომ თაღლითური სქემების მსხვერპლი ხდება.

„ტყუილია, არ კეთდებოდა ასეთი ოპერაციები. 50-ს ქვემოთ ვისაც ჰქონდა სხეულის მასის ინდექსი, არ ფინანსდებოდა. 2019 წელს ამოიღეს ბარიატრია საყოველთაოდან და გადასცეს რეფერალს. მხოლოდ ფინანსდებოდნენ სოციალურად დაუცველები, პედაგოგები და საზღვრისპირა ზონის მცხოვრებლები. იქ უკვე აღარ იყო სხეულის მასის ინდექსი განმსაზღვრელი. ამბობდნენ, გეთანხმებით, საჭიროა დაფინანსდეს, თუმცა ფული არ გვაქვსო.

ახლა ოპერაციის თანხას პაციენტი თვითონ იხდის, ზოგს გამგეობა ან ფონდი ეხმარება. ამ ადამიანების 98% ოპერაციას ჩვენების გამო იკეთებს, მაგრამ რეალურად ვისაც სჭირდება, ეს იქნება წელიწადში მინიმუმ 4-5 ათასი ადამიანი, ვერ იკეთებს და ხდებიან მსხვერპლი თაღლითური სქემების. ჰპირდებიან, რომ მესამედ ფასში, მეოთხედ ფასში მიიღებენ ამ მომსახურებას.

მეზობელ თურქეთში წინასწარი მომზადების და ყოველგვარი პოსტოპერაციული მონიტორინგის გარეშე ჩადიან, იმ დღესვე უკეთებენ ოპერაციას, ორ დღეში უშვებენ და მერე თუ გართულდა ეუბნებიან, რომ თქვენ ვერ მოიქეცით შესაბამისად, ჩამოდით, კიდევ ვიმკურნალოთო.

გართულების ალბათობა ამ ოპერაციას ძალიან დაბალი აქვს - 0,5%-იდან 1,2%-მდე, თუმცა ზოგიერთი ამბობს, რომ 10%-მდე სტატისტიკურად მიღებადია. ეს მიღებადია იმ ქვეყნებში, სადაც ამას კომერციული ხასიათი აქვს. ასეთი ორი ქვეყანაა - თურქეთი და მექსიკა.

2 თვემდე ემზადება საქართველოში პაციენტი ამ ოპერაციისთვის, თურქები კი ეუბნებიან საათებს, ჩასვლიდან 2 საათში უკეთებენ და 48 საათში სახლში მიდიხარ. თურქეთშიც არიან კარგი ექიმები და კლინიკები. პაციენტმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ხარისხი იაფიანი არ არის.

როგორ ახერხებენ ფასის დაგდებას? არა იმიტომ, რომ კლინიკას ხარჯი აქვს დაბალი, ან მოგება. არცერთი საუნივერსიტეტო კლინიკა ამას არ აკეთებს, მხოლოდ პატარა მომცრო ზომის კლინიკები, რომელთა ქირურგები არცერთ საერთაშორისო ფორუმზე არც მე მინახავს და თურქეთის ძლიერი ქირურგებიც ამბობენ, რომ მათ ისინი სერიოზულად არ აღიქვამენ“, - აცხადებს დავით აბულაძე.

დღეს საქართველოში ბარიატრიული ოპერაციის ღირებულება 12 500-დან 13 000 ლარამდე მერყეობს. დავით აბულაძის განმარტებით, ამ ფასში შედის წინასაოპერაციო კვლევებიც.

"ღირებულებაში არ შედის კვლევები, რომელმაც უნდა გაგვაგებინოს პაციენტის მდგომარეობა, რასაც კერძო სადაზღვევო კომპანიები აფინანსებენ. რადგან აქ არ არის საუბარი ჯერ ოპერაციაზე და ვერ ეუბნება უარს თანხების ანაზღაურებაზე. სამწუხაროდ, ოპერაციას ამას სადაზღვევო პლასტიკურ ქირურგიას ეძახის და არ ანაზღაურებს" - აცხადებს ექიმი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები