მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წელმა კარგად ჩაიარა, ახალი ფილიალის გახსნის გეგმა შევასრულეთ" - E-Motors Georgia-ს გენდირექტორი

ირინა დარჩია

E-Motors Georgia-ს გენერალური დირექტორის ირინა დარჩიას განცხადებით, კომპანიისთვის მიმდინარე წელი წარმატებით სრულდება, ვინაიდან გეგმა, რაც ჰქონდათ, შეასრულეს. ამის შესახებ ირინა დარჩიამ BMG-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულის" რუბრიკა Edwizer-ში ისაუბრა. მან ყურადღება ელექტრომობილების ბაზრის ტენდენციებზე, მომხმარებელთა ქცევის ცვლილებასა და მთავარ გამოწვევებზეც გაამახვილა..

„ჩვენთვის წელმა კარგად ჩაიარა. ის გეგმა, რაც გვქონდა – გაფართოება და ახალი ფილიალის გახსნა შევასრულეთ. ეს იყო ჩვენი ნომერ პირველი მიზანი. გაყიდვებმაც იმედები არ გაგვიცრუა და ვფიქრობ, რომ ახალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, – განაცხადა ირინა დარჩიამ.

მისივე თქმით, ელექტრომობილების გაყიდვის პროცესში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მომხმარებლის ნდობა იყო, განსაკუთრებით დაზღვევის მიმართულებით. როგორც დარჩიამ აღნიშნა, ბაზარზე არსებობდა მიდგომა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი ნაკლებად აღიქმებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს დამოკიდებულება შეიცვალა.

"ცოტა შორიდან დავიწყებ. ანუ, რისკები ძირითადად იყო ნდობაზე, რამდენად გვენდობოდა მომხმარებელი, რაც ვფიქრობ, გადავლახეთ. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კლიენტს გაეთავისებინა ის რისკი, რომ თუ ავტოკატასტროფა მოხდებოდა, მანქანა უნდა ყოფილიყო დაზღვეული. ეს იყო ძალიან რთული, იმიტომ, რომ ქართველებს ზოგადად ჰგონიათ, რომ არაფერი არ მომივაო. ზოგადად ასეთი მიდგომა იყო. თუმცა, მაგაშიც ვფიქრობ, რომ გარდამტეხი როლი ვითამაშეთ ჩვენ, ჩვენი რჩევებით, რომ დაზღვევა ყოველთვის კარგია და ახლა ვიტყვი, 100%-დან 100-ვე გადის დაზღვევით ავტომობილი ჩვენგან.

არა მარტო ელექტრომობილის, შიდა წვის ძრავიან ავტომობილებზეც უკვე მიხვდნენ, რომ ცენტრიდან როდესაც მანქანა გამოგყავს და არის გარანტიაზე, რა თქმა უნდა, ჯობია, რომ იყოს დაზღვეული... ჯანმრთელობაზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ, იმიტომ რომ იმდენად მნიშვნელოვანი არის დაზღვევის ქონა, რომ ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი საყვარელი სადაზღვევო კომპანიები თუ გააკეთებენ ძაღლის დაზღვევას, ძაღლსაც დავაზღვევ-თქო, იმიტომ რომ მართლა ყველაფერი, ყველანაირი რისკი დაზღვეული უნდა გქონდეს ცხოვრებაში". - აღნიშნა E-Motors Georgia-ს ხელმძღვანელმა.

ირინა დარჩიამ ასევე ხაზი გაუსვა მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კომპანიისთვის კლიენტის კმაყოფილება უმთავრესი პრიორიტეტია.

„თუ მაღალი ხარისხის სერვისი არ იქნება, მომხმარებელი არასოდეს იქნება კმაყოფილი. თითქმის 20 წელია მომსახურების სფეროში ვმუშაობ და ჩემთვის კლიენტი უმნიშვნელოვანესია. ჩვენი გუნდი – დამფუძნებლიდან დაწყებული რიგითი თანამშრომლით დამთავრებული – მთლიანად მომხმარებელზეა ორიენტირებული“, – განაცხადა მან.

ირინა დარჩიას შეფასებით, ელექტრომობილების განვითარება საქართველოში უკვე შეუქცევადი პროცესია, რომლის წარმატებისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურა, ფინანსური ხელშეწყობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სერვისი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები