წელს ავეჯის იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ავეჯის იმპორტმა $37.6 მლნ შეადგინა და ამ თანხით ქვეყანაში 14 831 ტონა ავეჯი შემოვიდა. ეს ნიშნავს, რომ იმპორტი 13%-ით გაიზარდა ღირებულებით და 15.9%-ით - მოცულობით. შედარებისთვის, 2025 წლის იანვარ–აპრილში ავეჯის იმპორტი $33.2 მლნ-ის ღირებულების და 12 794 ტონის ფარგლებში იყო.
იმპორტის სტრუქტურაში ლიდერობს თურქეთი, საიდანაც $13.9 მლნ-ის ავეჯი შემოვიდა, რაც 8 024 ტონას შეადგენს. მეორე ადგილზეა ჩინეთი - $8 მლნ-ის ღირებულების 3 398 ტონა ავეჯით. შემდეგ მოდის იტალია, საიდანაც $2.6 მლნ-ის ღირებულების 174 ტონა ავეჯი შემოვიდა, ბულგარეთი - $1.42 მლნ და 598 ტონა, ხოლო სლოვენია - $1.4 მლნ და 94 ტონა. ათეულში ასევე შედის პოლონეთი ($1.1 მლნ / 113 ტონა), ჰონკონგი ($972 ათასი / 373 ტონა), რუსეთი ($827 ათასი / 335 ტონა), ბელარუსი ($660 ათასი / 276 ტონა) და გერმანია ($599 ათასი / 133 ტონა).
რაც შეეხება ექსპორტს, 2026 წლის იანვარ–აპრილში საქართველოდან ექსპორტზე $3.2 მლნ-ის ღირებულების ავეჯი გავიდა, რომლის მოცულობამ 712 ტონა შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45.8%-იანი ზრდაა ღირებულებაში, თუმცა 2.3%-ით ნაკლებია მოცულობაში.
ექსპორტის ძირითად ბაზრებს შორის პირველ ადგილზეა სომხეთი, სადაც $1.9 მლნ-ის ღირებულების 428 ტონა ავეჯი გაიყიდა. მას მოსდევს რუსეთი - $750 ათასის 225 ტონა, იტალია - $250 ათასის 25 ტონა, საფრანგეთი - $47 ათასის 1.9 ტონა, აზერბაიჯანი - $44 ათასის 14 ტონა და ფილიპინები - $35 ათასის 1.4 ტონა. ათეულში ასევე შედის სიერა-ლეონე ($23.5 ათასის 5 ტონა), ესპანეთი ($23.3 ათასის 1.4 ტონა), მალტა ($16.6 ათასის 1.8 ტონა) და აშშ ($16.4 ათასის 400 კილოგრამი).
ინფორმაციისთვის, აღნიშნული მონაცემები არ ასახავს სრულად ავეჯის იმპორტისა და ექსპორტის სტატისტიკას, რადგან საქსტატი ავეჯის სხვა სახეობებსა და ნაწილებს ცალ-ცალკე ითვლის.




























