მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით - "ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც"

ზეთისხილი

წელს, საერთო ჯამში, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით, - ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) საპატიო პრეზიდენტმა, გიორგი სვანიძემ განაცხადა. მისი თქმით, წელს გაცილებით უკეთესი მოსავალია, ვიდრე გასულ წელს იყო.

„ეს გამოიწვია იმან, რომ ბაღების მსხმოიარობა იზრდება, თავად ბაღების ფართობიც იზრდება, ვინაიდან ახალი ბაღები შენდება. გარდა ამისა, წელს კარგი კლიმატური პირობები იყო. ინტერესი არის, ბევრი ადამიანი აშენებს დამატებით ბაღებს, უცხოელების დაინტერესებაც შეინიშნება. პირადად მე ერთი მლნ ზეთისხილის ხე მაქვს დარგული საქართველოში. მთლიანად ქვეყანაში 2 მლნ-მდე ხეა, მოსავალიც იზრდება და მას გადამუშავებაც უნდა“, - აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

რაც შეეხება ზეთისხილის ჩასაბარებელ ფასს, სვანიძის თქმით, ის წელს დაახლოებით 1.5-2 ლარამდეა, რაც ოდნავ გაზრდილია გასულ წელთან შედარებით.

ცნობისთვის, საქართველოში ზეთისხილის მოსავლის აღების პერიოდი ოქტომბერში იწყება და ნოემბერ-დეკემბერში გრძელდება.

„წელს თუ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენი პროგნოზები თუ გამართლდა, დაახლოებით 50-100 ტონა ზეითუნის ზეთი ექსპორტზე უნდა გავიდეს.

ძირითადად საქართველოა მომხმარებელი, თუმცა ექსპორტზე გადის ყაზახეთში, ჰოლანდიაში, და ახლა დუბაიში ვგეგმავთ. ზეთის სახით გადის ექსპორტზე“, - განაცხადა სვანიძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 7 ტონა 46 270 დოლარის ღირებულების ზეითუნის ზეთი გავიდა ექსპორტზე, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 78 710 დოლარის 12 ტონა პროდუქცია, ხოლო 2022 წელს - 75 650 დოლარის 17 ტონა ზეითუნის ზეთი გავიდა უცხოეთის ბაზარზე გასაყიდად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები