სამთო თავშესაფარი და ალპური სასტუმრო „ალტიჰატის“ მმართველი პარტნიორის, ნიკოლოზ ალავიძის ინფორმაციით, წელს „ალტიჰატმა“ 3000 სტუმარს უმასპინძლა. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში სტუმრობისას განაცხადა, ტურისტების 70% უცხოელია, დანარჩენი კი - ქართველი.
3014 მეტრის სიმაღლეზე მდებარე „ალტიჰატს“ 45-მდე სტუმრის/ტურისტის მიღება შეუძლია. სამაშველო ქოხი კი შესაბამისი საჭიროების მქონე მოგზაურებს და სამთო მაშველებს უსასყიდლოდ იფარებს.
„ალტიჰატის“ მიზანს წარმოადგენს ალპურ სიმაღლეზე სანიტარიული პირობებისა და ზოგადი უსაფრთხოების გაუმჯობესება, რთულად მისადგომ ადგილებში ტურისტული პოტენციალის განვითარება და მომსახურების უმაღლესი სტანდარტის დამკვიდრება.
როგორც ნიკოლოზ ალავიძე ამბობს, პარტნიორებთან ერთად, „ალტიჰატის“ პროექტში უკვე 2 მლნ ლარზე მეტია ინვესტირებული.
„ალტიჰატის“ სტუმრების გეოგრაფია ძალიან მრავალფეროვანია. მათი ძირითადი ნაწილი უცხოელია. გვყავს ტურისტები შვეიცარიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან; ასევე, ამერიკიდან და იაპონიიდანაც. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტუმრები მაღალმხარჯველუნარიანი სეგმენტია. მაგალითად, წელს ოთხი ოფიციალური მილიარდერი გვსტუმრობდა. „ალტიჰატში“ ყოველ წელს ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსნის ოჯახი ჩამოდის. ჯამში, „ალტიჰატი“ არის ერთი მცირე კომპონენტი დიდი ღირებულებითი ჯაჭვის - ვგულისხმობ იმას, რომ ვიდრე ტურისტი „ალტიჰატში“ ავა, ჯერ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, მინიმუმ ერთი ღამე თბილისში უნდა დარჩეს. შემდეგ წავიდეს სტეფანწმინდაში და ა.შ.“, - თქვა ნიკოლოზ ალავიძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალპურ სასტუმროს სტუმრები, პირველ რიგში, იდეისთვის სტუმრობენ.
„წერტილთან“ ინტერვიუში „ალტიჰატის“ მმართველმა პარტნიორმა ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობით აღნიშნა ის ფაქტი, რომ „ალტიჰატის“ სამაშველო ქოხის სერვისების დახმარებით, ჯამში, 11 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.