ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, წელს დაიწყება არასახიფათო ნარჩენების განთავსების ორი ახალი ობიექტის მშენებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
"2023 წელს მიმდინარეობდა და 2024 წელსაც გრძელდება სამუშაოები არასახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით. წელს დაიწყება არასახიფათო ნარჩენების განთავსების ორი ახალი ობიექტის მშენებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონისათვის.
ახალ ობიექტებზე, გარემოსდაცვითი კუთხით, გამოყენებული იქნება მაღალტექნოლოგიური, მათ შორის, ნაჟური წყლის გამწმენდი „რევერსული ოსმოსის“ სისტემა, რაც დააკმაყოფილებს გარემოს დაცვის თვალსაზრისით ყველა მოთხოვნას.
მიმდინარე წელს დაგეგმილია ნარჩენების გადამტვირთი ორი სადგურის მშენებლობის დაწყებაც“ განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტში მოსმენისას.
როგორც მან აღნიშნა, 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან, უკვე დახურულია 25, მიმდინარეობს 4-ის და დაგეგმილია 12 არსებული ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები. მიმდინარეობს რუსთავის ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოებიც.
ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობის პარალელურად, გაგრძელდება არსებული ნაგავსაყრელების დახურვის ტენდენცია.