თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე სტაბილური ზრდის ტენდენცია გრძელდება, რაც უცხოელი, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპელი ინვესტორების მხრიდან გაზრდილ მოთხოვნაში გამოიხატება.
როგორც სამშენებლო და დეველოპერულ კომპანია „არქიში“ აცხადებენ, მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში კომპანიამ გაყიდვების კუთხით 47-48%-იანი ზრდა აჩვენა, რაც საწყის ამბიციურ პროგნოზს (42%) აღემატება.
კომპანიის გენერალური დირექტორის შიო ხეცურიანის განმარტებით, მას შემდეგ, რაც დუბაის ბაზარმა გლობალური აქტუალურობა ნაწილობრივ დაკარგა, საქართველოს უძრავი ქონების სექტორით ინტერესი მკვეთრად გაიზარდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. მოთხოვნა ფიქსირდება როგორც ევროპიდან, ისე ახლო აღმოსავლეთიდან.
"თბილისში რამდენიმე წელიწადია უკვე სტაბილურად ვითარდება ბაზარი. ასევე უცხოელების ყურადღებას იპყრობს, მათ შორის ევროპიდან, დასავლეთ ევროპიდან განსაკუთრებით გაძლიერდა ბოლო პერიოდში მოთხოვნა. მას შემდეგ, რაც დუბაის ბაზარი ისეთი აქტუალური აღარ არის მსოფლიოში, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ბრიტანეთიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნა წამოვიდა მათ შორის ჩვენს პროექტებში, იქნება ეს Trump Tower თუ სხვა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ როდესაც ჩვენთან უკვე ისეთი არქიტექტურული კომპანიები მუშაობენ, როგორიც Gensler-ია, Benoy-ა, Chapman Taylor-ია, როდესაც მშენებლობის ხარისხი გაუმჯობესდა, მომსახურების დონემ აიწია და რაც მთავარია, ბაზარი და ეკონომიკა ვითარდება, უძრავი ქონების ბაზარზე ფასებიც მუდმივად და სტაბილურად იზრდება.
აქედან გამომდინარე, უცხოელებმაც ნახეს, რომ ერთ-ერთი საინტერესო ბაზარია და, შესაბამისად, მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ზუსტად ამას განაპირობებს როგორც ევროპიდან, ისე ახლო აღმოსავლეთიდან ბაზარზე მოთხოვნის ზრდა“, - განაცხადა შიო ხეცურიანმა.
რაც შეეხება ფასების ცვლილებას, ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასების სტაბილური და ზრდა შეინიშნება, რაც საშუალოდ 5-6%-ს შეადგენს.
„ჩვენ წელს დაგეგმილი გქონდა გაყიდვების 42%-იანი ზრდა, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა და დაახლოებით 47-48%-იანი ზრდა გვაქვს პირველ 10 თვეში.
ფასები სტაბილურად იზრდება. დაახლოებით ფასების ჭრილის ზრდა ქვეყანაში 5-6%, ჩვენს შემთხვევაში ცოტა მეტად, ესეც გონივრულია, იმიტომ რომ პრემიუმ პროექტებია და როგორც გითხარით, საერთაშორისო ბრენდები, საერთაშორისო არქიტექტორები და სხვა ღირებულებები შევძინეთ პროექტებს“, - განაცხადა შიო ხეცურიანმა.
























