პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრების ინიციატივით საკანონმდებლო ცვლილებები განიხილება, რომელიც ონლაინ სათამაშო ბიზნესს შეეხება. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი უკვე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია ორი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება, საიდანაც ორი ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობის შემთხვევაში, ერთი ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღებით გაიზრდება, ერთი მხრივ, საქართველოში ნებართვის მაძიებელთა რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ – არსებული ნებართვის მფლობელების მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეების რაოდენობა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე მოქმედი კანონით დასაშვები იყო ამგვარი თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება, ანუ ერთი ნებართვით, ონლაინკაზინოს მოწყობის მსურველს, მხოლოდ ერთი შესაბამისი საიტის გაკეთება შეეძლო.
განმარტებით ბარათში განმარტებულია, კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, 2024 წლისთვის, დღეს მოქმედი სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებისგან მოსალოდნელია 2,2 მლრდ-ნი Gross gaming revenue (GGR) მაჩვენებელი, რაც მომდევნო წლებისთვის გაიზრდება დაახლოებით 30%-ით. ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებულ ნებართვის მფლობელებს დამატებითი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოეშვებათ.
ასევე წერია, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი; ირაკლი კირცხალია; ბეჟან წაქაძე და გოჩა ენუქიძე.
ერთი ნებართვით ონლაინ-კაზინოებს მეორე ვებგვერდის შექმნაც შეეძლებათ – კანონპროექტი