მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს ჩინეთთან ექსპორტ-იმპორტი 45%-ით გაიზარდა|რით ვვაჭრობთ სტრატეგიულ პარტნიორთან?

ჩინეთი

მიმდინარე წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 45%-ით გაიზარდა და 933 მლნ დოლარს გადააჭარბა.

საქართველოს მთავრობა ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე აქტიურად მუშაობს. 2026 წლის აპრილში ქვეყნებმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ პროტოკოლს. 9 ივნისს საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ინვესტიციებს. მისი თქმით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები სულ უფრო სწრაფი ტემპით შედის ჩინურ ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ 9 ივნისს გაფორმდა ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება.

2017 წელს, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა. მოლაპარაკებები რეკორდულად მცირე დროში, შვიდ თვეში დასრულდა და შეთანხმება 2018 წელს ამოქმედდა. საქსტატის მონაცემების თანახმად, ამის შემდეგ ორი ქვეყნის ვაჭრობა მზარდია და 2025 წლის რეკორდული სავაჭრო ბრუნვა 2017 წლის მონაცემებს 2.5-ჯერ აჭარბებს.

რა მოიტანა ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობის რეჟიმმა?

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ სწორედ 2018 წელს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, გადააჭარბა პირველად 1 მილიარდ დოლარს. იქამდე ყველაზე მაღალი სავაჭრო ბრუნვა 2014 წელს იყო - 823.9 მლნ დოლარის ოდენობით. უკვე 2018 წლიდან მოყოლებული მაჩვენებელი მზარდია, თუ არ ჩავთვლით 2023 წელს დაფიქსირებულ კლებას.

გასულ წელს ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. ორი ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის ჯამმა რეკორდულ 2.3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ასევე რეკორდული, 2 მილიარდ დოლარიანი იმპორტის დამსახურებაა (წლიური ზრდა 23.1%). 2025 წელს ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი საიმპორტო ბაზარი იყო ქვეყნის იმპორტში 10.7%-იანი წილით. ამასთან, 2025 წელს ჩინეთი საქართველოს მეშვიდე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა იყო მთლიან ექსპორტში 4.5%-იანი წილით. გასულ წელს ჩინეთში ექსპორტი 8.1%-ით გაიზარდა და 327.6 მლნ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვა 933.3 მლნ დოლარი იყო, რაც წლიურად 45%-იანი ზრდაა. მან სავაჭრო ქვეყნების რეიტინგში 11.9%-იანი წილით თურქეთისა და რუსეთის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.

2026 წელს ჩინეთში საქონლის ექსპორტი 193.9%-ით გაიზარდა და 255 მილიონი დოლარი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ეს ძვირფასი ლითონებისა და სპილენძის მადნებისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვების გააქტიურებამ განაპირობა. ამასთან, საექსპორტო ჩამონათვალს დაემატა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არ ფიქსირდებოდა. წელს ჩინეთში ექსპორტირებული საქონლის კი TOP-5 ასეთია:

  1. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $157.6 მლნ;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $46.7 მლნ;
  3. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $24.5 მლნ;
  4. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - $11.5 მლნ;
  5. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $4.5 მლნ.

რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ ჩინეთში მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში 678. 2 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა. წლიური ზრდა 22%-ია. ქვეყნისთვის იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში ჩინეთი 11.9%-იანი წილით მესამე ადგილს იკავებს. იანვარ-აპრილში ჩინეთიდან საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნახევარგამტარი ხელსაწყოებისა და ავტომობილების შემოტანა. TOP-5 საიმპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:

  1. ნახევარგამტარი ხელსაწყოები - $32.9 მლნ;
  2. მსუბუქი ავტომობილები - $24.9 მლნ;
  3. ბრტყელი ნაგლინი რკინისა ან არალეგირებული ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - $21.5 მლნ;
  4. მოწყობილობები ჰაერის კონდენცირებისათვის - $20.5 მლნ;
  5. ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - $18.9 მლნ.

აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის ვაჭრობა ძირითადად იმპორტზე მოდის - საქართველო ჩინეთისგან ბევრად მეტს ყიდულობს, ვიდრე თავად ყიდის. ჩინეთში ექსპორტი კი ყველაზე მაღალი, 736.8 მლნ დოლარი 2022 წელს იყო.

საქართველო-ჩინეთის გასული წლების ვაჭრობის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • 2016 წელი - ბრუნვა $721.9 მლნ/ ექსპორტი $174.3 მლნ/იმპორტი $547.5 მლნ;
  • 2017 წელი - ბრუნვა $934.3 მლნ /ექსპორტი $201.7 მლნ/იმპორტი $732.6 მლნ;
  • 2018 წელი (ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება) - ბრუნვა $1.03 მლრდ/ექსპორტი $199.1 მლნ/იმპორტი $834.1 მლნ;
  • 2019 წელი - ბრუნვა $1.1 მლრდ/ექსპორტი $207.5 მლნ/იმპორტი $858.7 მლნ;
  • 2020 წელი - ბრუნვა $1.2 მლრდ/ექსპორტი $477.3 მლნ/იმპორტი $709 მლნ;
  • 2021 წელი - ბრუნვა $1.5 მლრდ/ექსპორტი $615.7 მლნ/იმპორტი $865 მლნ;
  • 2022 წელი - ბრუნვა $1.9 მლრდ/ექსპორტი $736.8 მლნ/იმპორტი $1.1 მლრდ;
  • 2023 წელი - ბრუნვა $1.6 მლრდ/ექსპორტი $310.9 მლნ/იმპორტი $1.3 მლრდ;
  • 2024 წელი - ბრუნვა $1.9 მლრდ/ექსპორტი $303.1 მლნ/იმპორტი $1.6 მლრდ;
  • 2025 წელი - ბრუნვა $2.3 მლრდ/ექსპორტი $327.6 მლნ/იმპორტი $2 მლრდ;
  • 2026 წლის იანვარ-აპრილი - ბრუნვა $933.3 მლნ/ექსპორტი $255 მლნ/იმპორტი $678.2 მლნ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები