წელს, ზაფხულის სეზონზე, საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან შედარებით ოდნავ მაღალი იქნება, ხოლო ნალექების რაოდენობა კლების ტენდენციას აჩვენებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსმა, ხათუნა ქოქოსაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მოსალოდნელია გვალვა და ცალკეულ პერიოდში ძლიერი ნალექიც.
"საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება, ხოლო ნალექები - ნორმაზე ნაკლები და ნორმის ფარგლებში. ცალკეულ პერიოდში შესაძლებელი არის ტემპერატურის მომატება დაბლობსა და ბარში 39-42 გრადუსამდე, მთიან ზონაში - 37-40 გრადუსამდე, ხოლო მაღალმთიან ზონაში - 33-37 გრადუსამდე. ზაფხულის პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი არის ზაფხულისთვის დამახასიათებელი მოვლენები, როგორიც არის გვალვა, თბური ტალღები და ასევე, ცალკეულ პერიოდში შესაძლებელი არის ძლიერი ნალექიც", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსმა.




























