მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს დატვირთვა 15-20%-ით შემცირდა" - სასტუმრო "ქვევრები"

ქვევრები

2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში სასტუმრო „ქვევრების“ დატვირთვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-მდე შემცირდა. ამის შესახებ BM.GE-სთან სასტუმროს თანადამფუძნებელმა გიორგი როჭიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კლების მთავარი მიზეზი რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებაა, რამაც ტურისტული ნაკადების შემცირება გამოიწვია. "რაც შეეხება კლებას, გვაქვს. დაახლოებით 15-20%-იანი", - განაცხადა გიორგი როჩიკაშვილმა.

კითხვაზე, რამ განაპირობა შემცირებული დატვირთვა, სასტუმროს თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მთავარი ფაქტორი ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთის მიმართულებით მიმდინარე მოვლენებია.

„პირველ რიგში, ალბათ, გეოპოლიტიკური პრობლემებია ყველაზე მთავარი. ახლო აღმოსავლეთის პრობლემები და იქით, ჩრდილოეთში არსებული ვითარება ფაქტობრივად აჩერებს ტურიზმს და შარშანდელთან შედარებით მდგომარეობა გაუარესებულია“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, სტუმრების გეოგრაფია მრავალფეროვანია და ერთი კონკრეტული ბაზარი გამოკვეთილი არ არის, თუმცა ტურისტული ნაკადი ყველა მიმართულებიდან შემცირებულია.

„კვლავ ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან, უბრალოდ ნაკადმა მოიკლო. კონკრეტულად რომელიმე ბაზარი გამოკვეთილი არ არის - ხან ევროპელები არიან უფრო მეტი, ხან რუსეთის მოქალაქეები, ხან სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები“, - ამბობს როჭიკაშვილი.

როგორც სასტუმროს თანადამფუძნებელი განმარტავს, ფასები წელს არ შეუცვლიათ, რადგან მთავარი გამოწვევა არა ტარიფები, არამედ შემცირებული მოთხოვნაა.

„ფასი იმდენად პრობლემა არ არის, თვითონ ტურისტის ნაკლებობაა. ეს მხოლოდ ჩვენს ობიექტზე არ ხდება - ვისთანაც კომუნიკაცია გვაქვს, ყველას იგივე პრობლემა აქვს“, - აცხადებს გიორგი როჩიკაშვილი.

ამჟამად სასტუმრო „ქვევრებში“ საუზმით სტანდარტულ ნომერში ერთი ღამით განთავსების ღირებულება დაახლოებით 400 ლარია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგი როჩიკაშვილის თქმით, კომპანია ამ ეტაპზე გაფართოებას არ განიხილავს და მთავარი ამოცანა არსებული გამოწვევების დაძლევაა. "რაიმე გაფართოებას არ ვგეგმავთ. ჩვენი ამოცანაა, როგორმე მოვერიოთ ამ პრობლემებს. ეს კი, პირველ რიგში, მსოფლიოში არსებული ომების დასრულებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები