„ენგური ატრაქცია“ ინფრასტრუქტურულ განვითარებას განაგრძობს და წელს, ორი ახალი ტურისტული სივრცის დამატებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ის „ენგური ატრაქციის“ დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, საპარკინგე ადგილას ახალი შენობა აშენდა, რომელიც სამუზეუმო სივრცის, სუვენირების მაღაზიის, ამბულატორიული ნაწილისა და სალაროს ფუნქციას შეითავსებს.
„ჩვენთვის კვლავ გამოწვევად რჩება ის, რომ ვიყოთ სვანეთის რეგიონისთვის ჰაბი და არ ვიყოთ გამვლელებზე დამოკიდებული.
შესაბამისად, წელს, საპარკინგე ადგილას ახალი შენობა ავაშენეთ, რომელიც სამუზეუმო სივრცის, სუვენირების მაღაზიის, ამბულატორიული ნაწილისა და სალაროს ფუნქციას შეითავსებს. ჩვენ გვინდა, რომ ამ მუზეუმში ზოგადად კაშხლების მშენებლობის ისტორია იყოს წარმოდგენილი. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება როგორც სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებები და ასევე ჩვენი გამოცდილებები, თუ საიდან მოდის კაშხლების შინაარსობრივი დატვირთვა, როგორ ვითარდებოდა ის წლების განმავლობაში და ახლა როგორ არის. ამასთან, ერთ-ერთ გვირაბში ძალიან საინტერესო ატრაქცია უნდა გაიხსნას, რომლის შესახებაც სხვა დეტალების თქმისგან ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ,“-აცხადებს ანთიძე.
მისივე ცნობით, ამჟამად ორივე სივრცის პროექტირება მიმდინარეობს. პროექტების განსახორციელებლად, ჯამში დაახლოებით 60000-70000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
აღსანიშნავია, რომ „ენგური ატრაქციაში“ საერთო ჯამში 24 ადამიანია დასაქმებული, თუმცა ახალი სივრცეების გახსნის შემდეგ, კადრების რაოდენობის 30 ადამიანამდე ზრდა იგეგმება.
შეგახსენებთ, ენგურჰესის კაშხალზე „მსოფლიო დონის ატრაქციის“ პროექტი 2018 წელს შეიქმნა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გადასახედი მოედნების, საბაგიროების, საკონცერტო სივრცისა და სხვა ატრაქციების მოწყობას ითვალისწინებს. კაშხალზე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე პასუხისმგებელი კომპანია „ენგური ატრაქციაა“, რომელიც 2022 წელს შპს „ენგურჰესის“ დაქვემდებარებაში გადავიდა.