მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, ეროვნული ბანკის რეზერვების წმინდა გაყიდვებმა $540 მილიონი შეადგინა - თურნავა

თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების წმინდა გაყიდვემა 540 მილიონი დოლარი შეადგინა. წმინდა გაყიდვები მოიცავს სებ-ის მიერ წელს შესყიდული და გაყიდული სავალუტო რეზერვების ბალანსს.

“წლის დასაწყისიდან ჩვენი ჯამური ინტერვენციები, წმინდა გაყიდვები შეადგენს 540 მილიონ დოლარს, რაც მოაკლდა რეზერვებს. ეს არის ის თანხა რაც მოაკლდა ბალანსს, წმინდა ინტერვენციებით და Bmatch-ით განხორციელებული ინტერვენციებით მოაკლდა რეზერვებს. აქვე შეგახსენებთ, რომ წინა წელს ჩვენი წმინდა შესყიდვები 1.3 მილიარდი დოლარი იყო, დაახლოებით სამჯერ უფრო მეტი ვიდრე წელს ჩვენ გავყიდეთ, საშუალება იყო ამისი და ამიტომ. შესაბამისად იმის თქმა, რომ დიდი ზიანი მიადგა რეზერვებს არის არასწორი,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობილია, რომ ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის იანვარში Bmatch პლატფორმით შეისყიდა $8.1 მლნ, თებერვალში $77.5 მლნ, მარტში $127.9 მლნ, აპრილში $73.1 მლნ, ივლისში $1.9 მლნ, აგვისტოში კი $41 მილიონი დოლარი. შესაბამისად, წელს რეზერვების ჯამურმა შესყიდვებმა 333 მილიონი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება გაყიდვებს, აპრილში სებ-მა ინტერვენციებით და Bmatch პლატფომით გაყიდა 117.8 მილიონი დოლარი, ივნისში კი 102 მილიონი დოლარის გაყიდვები განახორციელა. სექტემბერში კი გაყიდვები 106 მილიონ დოლარს შეადგენდა.

შესაბამისად, 2024 წლის იანვარ სექტემბერში წმინდა გაყიდვები (სხვაობა შესყიდულ და გაყიდულ რეზერვებს შორის) იყო მხოლოდ და მხოლოდ 3.25 მილიონი დოლარი, ანუ სებ-ის მიერ შესყიდული თანხა გაყიდულ თანხას აღემატებოდა 3.25 მილიონი დოლარით.

ხოლო უკვე იანვარ-ოქტომბრის ბალანსი იყო მინუს 540 მილიონი დოლარი, ეს კი ნიშნავს, რომ უშუალოდ ოქტომბერში ეროვნული ბანკის წმინდა გაყიდვებმა როგორც Bmatch-ით, ასევე სავალუტო ინტერვენციებით 543 მილიონი დოლარი შეადგინა. მათ შორის უშუალოდ სავალუტო აუქციონებით სებ-მა ოქტომბერში 213 მილიონი დოლარი გაყიდა, ხოლო Bmatch პლატფომით გასულ თვეში გაყიდული აქტივების მოცულობა 330 მილიონი დოლარი იყო. უფრო ზუსტი სტატისტიკა ცნობილი მიმდინარე თვის 25 რიცხვში გახდება ცნობილი.

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ რეზერვების დონე ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი შევსება იყო საჭირო. რამდენიმე დღის წინ კი, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა უფრო მცირეა ვიდრე BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები