მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წელს, ფასები არ გამიზრდია, თუმცა ეს გადაწყვეტილება, ალბათ ზიანს მომიტანს" - "სისატურა"

სისატურა

სამეგრელოში მდებარე ეთნოგრაფიული სოფლის „სისატურას“ დამფუძნებელი, მარიკა თოდუა აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონზე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ფასების ზრდაა.

მან BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა, რომ კომპანიამ მენიუები და შეთავაზებები პარტნიორებთან ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, გააგზავნა და მაშინ ფასების ზრდისგან თავი შეიკავა, რადგან ბაზარზე მოლოდინი იყო, რომ ფასები შესაძლოა შემცირებულიყო. თუმცა, რეალობაში, როგორც თოდუა აღნიშნავს, პროდუქტებისა და სერვისების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„წელს ფასები არ დამიკორექტირებია, ვინაიდან მენიუები გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერში უკვე გაგზავნილი მქონდა. შესაბამისად, ახლა ფასების გაზრდა ჩემთვის დაგვიანებულია. რეალურად ვხედავ, რომ ყველაფერი გაძვირდა - ელექტროენერგია, პროდუქტები, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის ნაწარმი. ეს პირდაპირ აისახება ხარჯებზე“, - აცხადებს ის.

მისივე განმარტებით, განსაკუთრებით გაძვირებულია ბოსტნეული და რძის პროდუქტები, რაც მომსახურების თვითღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტს ნაწილობრივ საკუთარი წარმოების რესურსიც აქვს, საერთო მოთხოვნის დაკმაყოფილება მაინც ზოგად ბაზარზეა დამოკიდებული.

თოდუა აღნიშნავს, რომ არსებული პირობების გამო, მისი ბიზნესი, სავარაუდოდ, გეგმაზე ნაკლებ მოგებას მიიღებს.

"წელს მოგება იქნება, მაგრამ გაცილებით ნაკლები, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო, ფასები დროულად რომ დამეკორექტირებინა. მაშინ ვიფიქრე, რომ ერთ ფასზე ორი წელი ვიმუშავებდი და აღარ გავზრდიდი, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება, ალბათ ზიანს მომიტანს", - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები