ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდი „ნიკოლი” მიმდინარე წელს ფეხსაცმლის ხაზის დამატებას აპირებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ნიკოლაიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობის დამატებას კომპანია უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
ამასთან ბრენდი პირველ შეკვეთას დიდი ბრიტანეთისთვისაც ამზადებს. ამ ეტაპზე „ნიკოლი“ ექსპორტზე კანადაში, ლიბიაში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში გადის. მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე 2023 წელს წარმადობა 10%-ით გაიზარდა. ამასთან გაიხსნა ახალი შოურუმი და რიგით მე-4 ფილიალი საბურთალოს “სითი მოლში.“
„2023 წარმატებული იყო. ჩვენ ბაზარზე საცალო და კოორპორატიული მიმართულებით ვოპერირებთ. კოორპორატიული მიმართულებით მოთხოვნა გაზრდილია და ამის გამო გადავწყვიტეთ ადამიანური რესურსი დაგვემატებინა, ცალკე გუნდი შეგვექმნა, რომელიც უნიფორმების მიმართულებით მოემსახურებოდა როგორც საბავშვო, ისე ზრდასრულთა სეგმენტს. ამ გადაწყვეტილებამ საშუალება მოგვცა წარმადობა გაზრდილიყო და მოთხოვნას დავწეოდით.
გეგმები უფრო მეტია, ვცდილობთ სხვადასხვა პროდუქტის ხაზები დავამატოთ და მეტი პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს.
2024 წლის დასაწყისში მივიღეთ შეკვეთა ლონდონიდან, გვგონია, რომ ეს საკმაოდ წარმატებული პროექტი გამოვა, იმის გამო რომ მოთხოვნა მაღალია და ამ ნაწილშიც მუშაობა გრძელდება. შემდეგ კვირაში მივემგზავრებით ფლორენციაში, სადაც გაიმართება დიდი საერთაშორისო გამოფენა საბავშვო სეგმენტში, იქიდანაც ვფიქრობთ ბევრი ბაიერის მოზიდვას. დღევანდელი არსებული ბაიერებიც არის სწორედ ამ ტიპის გამოფენებში მონაწილეობის შედეგი, ეს გრძელვადიანი და კომპლექსური მეთოდია, თუმცა ყველაზე პროდუქტიული.
ექსპორტის წილი გაყიდვების 10-15%-ია, მთავარი აქცენტი მაინც ადგილობრივი ბაზარია. ჩვენ დიდი ხანია ვგეგმავთ, რომ დავიწყოთ ფეხსაცმელების და ასევე წინდების ხაზი. პოტენციალი მაღალია, თუმცა ესეც საკმაოდ გრძელი პროცესია, მოკლე ვადაში არ არის ამის რესურსები. ინვესტიციები და ტექნიკური შესაძლებლობები სჭირდება და ვიმედოვნებ, რომ 2024-ში ეს პროექტი განხორციელდება,“ - აღნიშნა ნიკა ნიკოლაიშვილმა.