Galt & Taggart-ში ელიან, რომ მიმდინარე წელს საჯაროდ გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების მოცულობა ჯამში მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
როგორც საინვესტიციო ბანკის დირექტორის მოადგილემ, ქეთევან თოიძემ BMG-ის განუცხადა, 2025 წელი ობლიგაციების ბაზრისთვის შედარებით ნელი ტემპით დაიწყო, თუმცა მეორე ნახევარში ეს სეგმენტი გააქტიურდა და წლის ბოლოსკენ კომპანიებს რამდენიმე მსხვილი ემისია აქვთ დაგეგმილი, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში.
“კაპიტალის ბაზრებისთვის 2025 წელი ცოტა შენელებული ტემპით დაიწყო. ზოგადად, თუ რაღაც გაურკვევლობა არის ბაზარზე, კაპიტალის ბაზრებს პირველი გადაეცემა ხოლმე ინვესტორების და ემიტენტების მხრიდან მოლოდინები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წელი ნელი ტემპით დავიწყეთ, მგონია, რომ 2025 წელი ჯამურად ბაზრის აქტივობით ბევრად უფრო მასშტაბური და დიდი იქნება, ვიდრე 2024 წელი.
წლის მეორე ნახევარში ბევრად უფრო დიდ და მასშტაბურ ტრანზაქციებს ველოდებით. მათ შორის, ამ ტრანზაქციებიდან რამდენიმე მდგრადი, მწვანე ემისიაა. ამ ეტაპზე ვმუშაობთ 350 მილიონი ლარის ტრანზაქციაზე. წლის მეორე ნახევარში ასევე 300 მილიონ ლართან მიახლოებული მეორე ტრანზაქციაც გვექნება. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი ბალანსია ადგილობრივი და უცხოური ვალუტის ობლიგაციებს შორის. ალბათ წლის ჭრილში ბაზარი განთავსებული საჯარო ობლიგაციების მიმართულებით მილიარდ ლარს გადააჭარბებს”, - განაცხადა ქეთევან თოიძემ.
ცნობისთვის, ქართული კორპორაციული საჯარო ობლიგაციების ბაზრის მოცულობამ 2025 წლის 8 თვის მდგომარეობით 2.5 მილიარდს ლარს გადააჭარბა. ბაზარზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციებიდან თითქმის 1.6 მლრდ ლარი დოლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდებია, 740 მლნ ლარშია, ხოლო 180 მლნ ლარი - ევროში.



























