მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს, გარდაბანი-მარნეულის ტყის აღდგენის პროექტით ჭალის მუხის 25 000 ნერგი დაირგვება - სატყეო სააგენტო

გარდაბანი
20.04.26 10:19
518

გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბანზე, ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში წელს, წითელი ნუსხით დაცული სახეობის - ჭალის მუხის 25 000 ნერგი დაირგვება.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე ტყის აღდგენის პროექტს ადგილზე გაეცნო. ტყის აღდგენის სამუშაოები, ჭალის ტყის მასივში ხორციელდება და 65 ჰექტარ ფართობს მოიცავს.

უწყების ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად ტერიტორია მეტყევე სპეციალისტებმა წინასწარი დეტალური კვლევისა და სპეციალური შესწავლის საფუძველზე შეარჩიეს. აღნიშნული ტყის მასივი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა შინაური პირუტყვის ინტენსიური გადაადგილებისა და ძოვების შედეგად შეიქმნა დეგრადაციის საფრთხე, რამაც ბუნებრივი განახლების პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა. ასევე, წარსულში განხორციელებული უსისტემო ჭრების შედეგად განადგურდა ეკოსისტემისთვის დამახასიათებელი ძვირფასმერქნიანი სახეობების დიდი ნაწილი, მათ შორის ჭალის მუხა და თელა.

პროექტის ფარგლებში გასულ წელს განხორციელდა ტერიტორიის სრულმასშტაბიანი გაწმენდა და შემოღობვა, რის შემდეგაც დაირგო 11 სახეობის 25 000 ნერგი.

„სატყეო რეფორმა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს - ტყის დაცვას და ტყით სარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებას. ჩვენი ყველა ღონისძიება სწორედ ამ მიზნებზეა ორიენტირებული. ჭალის ტყის აღდგენა ეკოლოგიური თვალსაზრისით უზრუნველყოფს ეკოსისტემური სერვისების შექმნას. ამასთან, ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული ტყე მაღალი კონსერვაციული ღირებულებით გამოირჩევა და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბიომრავალფეროვნების განვითარებას“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები