ყვავილების მაღაზია „პლუმერია“ გაყიდვების მკვეთრ კლებაზე მიუთითებს. როგორც კომპანიის მენეჯერმა, ეკა ვარდუკაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, 2024 წელთან შედარებით, წლევანდელი რეალიზაცია 30%-ით არის შემცირებული.
ვარდუკაძის განმარტებით, სერვისზე მოთხოვნის ვარდნა, ბაზარზე მომუშავე ყვავილების მაღაზიების რაოდენობის ზრდითა და კონკურენციით არის განპირობებული. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგად სტატისტიკაში იმპორტის მოცულობის მატება ფიქსირდება, ეს ტენდენცია გაყიდვების ზრდაზე არ აისახება და ბაზრის „გაჯერებაზე“ მიუთითებს.
„ამას ემატება ისიც, რომ საბითუმო ბაზრობებზე, საიდანაც ყვავილებს ვყიდულობთ, დაიწყეს ცალობით პროდუქციის გაყიდვა საბითუმო ფასებში“, - ამბობს ვარდუკაძე.
ვარდუკაძე ასევე ყვავილების გაზრდილ ფასებზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ წელს, გასულ 2024-თან შედარებით, დაახლოებით 20-30%-იან ზრდა ფიქსირდება:
„სადღესასწაულო პერიოდებში რომ გაზრდიან ხოლმე მომწოდებლები ფასს, იმ ფასს ინარჩუნებენ შემდეგ პერიოდებშიც. ჩვენთან კომპოზიციის აწყობა 20 ლარიდან არის შესაძლებელი“, - აღნიშნავს კომპანიის მენეჯერი.
ინფორმაციისთვის, საქართველომ წელს, 10 თვეში, $15.1 მლნ-ის ღირებულების 2 175 ტონა ყვავილი შეიძინა, მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, $9 მლნ-ის 1 571 ტონა ყვავილი ჰქონდა შეძენილი. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ წელს ყვავილების იმპორტი დაახლოებით 67%-ით არის გაზრდილი.




























